ახალი ამბები

ზურაბიშვილი: “სამართლიანობის აღდგენის” ზედმეტად აქტივიზაცია ხელისუფლების შეცდომაა

19 აგვისტო, 2013 •
ზურაბიშვილი:  “სამართლიანობის აღდგენის” ზედმეტად აქტივიზაცია ხელისუფლების შეცდომაა

დავით ზურაბიშვილის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი ბურჯანაძის პოპულარობას ზრდის.

ამ და სხვა საკითხებზე  განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რესპუბლიკური პარტიის წევრმა  დავით ზურაბიშვილმა დღეს “პრაიმ თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეხვედრია პრემიერ მინისტრს მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან დაითხოვეს, მან უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია.

 

მისი თქმით, ამის საჭიროება არ არსებობდა და პრემიერთან “საჭორაოდ” არ მივიდოდა.

რას შეეხება მის სამომავლო საქმიანობას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უფრო დაზუსტებით ამ საკითხზე  სექტემბერში ისაუბრებს, თუმცა გამორიცხავს საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებას.

 

ზურაბიშვილმა შეაფასა მიმდინარე საარჩევნო კამპანია და პრეზიდენტობის კანდიატებზე ისაუბრა.

 

მისი განცხადებით, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი უდავო ფავორიტია, რადგან მისი კანდიდატურა საქართელოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა. ზუაბიშვილი იმედოვნებს, რომ მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს თავს კარგად წარმოაჩენს და საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის აუცილებლობა არ დადგება.

თუმცა, მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია, მეორე ადგილზე რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი გავა – ნინო ბურჯანაძე თუ დავით ბაქრაძე:

 

“ თუ დავით ბაქრაძე გავა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე, ეს აჩვენებს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობაა. მაგრამ თუ მეორე ადგილზე გავიდა ბურჯანაძე, მაშინ ბევრი რამ შეიცვლება და უფრო მწვავედ დადგება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი. ბურჯანაძეს არ აქვს ცუდი შანსები, მისი მთავარი გზავნილია ის, რომ დაიჭერს ყველას, მათ შორის სააკაშვილს, და ეს გახდება ბურჯანაძის აზრით ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების საფუძველი”.

 

დავით ზურაბიშვილის თქმით, ბურჯანაძის პოპულარობა განაპირობა იმან, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ნაცმოძრაობის ოდიოზური ფიგურებისათვის ბრალის წაყენება ვერ მოხერხდა.

 

“ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა ზედმეტად აქტივიზირებული გახადა სამართლიანობის აღდგენის თემა. უნდა შექმნილიყო საპარლამენტო კომისია და იქ ყოფილიყო მსჯელობა სამართლიანობის აღდგენის თემაზე და ამ ადამიანების დანაშაულობების შესახებ, რათა მათთვის მომხდარიყო საფუძვლიანად ბრალის წაყენება. დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იქნებოდა საკმაოდ კარგი გამოსავალი იმისთვის, რომ სამართლიანობა ეტაპობრივად აღდგენილიყო”.

 

მისი თქმით, ნაცმოძრაობამ თავის დროზე საზოგადოების დაკვეთა სამართლიანობის აღდგენის შესახებ იმიტომ შეასრულა, რომ ავტორიტარული ქმედებები აირჩია:

“როცა ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, პირველი, რაც გააკეთა, დაიჭირა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი კაკო ჩხაიძე და კონტროლის პალატის ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი, იმ მოტივით, რომ ისინი კორუმპირებულები იყვნენ. ჩხაიძემ ფული გადაიხადა და გამოუშვეს, ხოლო მოლაშვილი ჩასვეს, მაგრამ შემდეგ ვერ დაუმტკიცეს დანაშაული და შემდეგ მისთვის ბოდიში გახდა საჭირო. “ქართულ ოცნებას” რომ ეს გზა აერჩია, ეს იქნებოდა ქვეყნისთვის დამანგრეველი. იგივე ბაჩო ახალაის პროცესზე სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. თუმცა საზოგადოება ყველაზე მეტად აღაშფოთა იმან, რომ პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მყარი მტკიცებულებები”.

 

დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაის სასამართლო პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას მოახდენს. თუ ახალაიას სასამართლო გაათავისუფლებს, მაშინ “ქართული ოცნება” ამომრჩევლებს დაკარგავს. თუმცა დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს.

 

“ბაჩო ახალაიას პროცესი არის კარგი ფონი ნინო ბურჯანაძისთვის დამატებითი ხმების მისაზიდად”, – მიაჩნია დავით ზურაბიშვილს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი