ახალი ამბები

ACT: გამოკითხულთა 24% ლგბტ პირების საქართველოდან გაძევებას უჭერს მხარს

18 აგვისტო, 2013 • 1809
ACT: გამოკითხულთა 24% ლგბტ პირების საქართველოდან გაძევებას უჭერს მხარს

საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის ორგანიზაციამ ACT 17 მაისის ანტიფომოფობიური აქციის შემდეგ საზოგადოების აზრი გამოიკვლია

 

17 მაისის შემდეგ გამოკითხულთა 17%-ს ეკლესიის მიმართ ნდობა გაეზარდა, 10%-ს შეუმცირდა, ხოლო 72%-ს იგივე დარჩა. 

 

ACT კვლევის მიხედვით, 17 მაისის შემდეგ გამოკითხული მამაკაცების 23%-ს ეკლესიის მიმართ ნდობა გაეზარდა, ხოლო 5%-ს შეუმცირდა. გამოკითხული ქალების14%-ს ეკლესიის მიმართ ნდობა შეუმცირდა, ხოლო 13%-ს გაეზარდა. ეკლესიის მიმართ ნდობის ხარისხი ქალების 74%-ის და კაცების 72%-თვის იგივე დარჩა, რაც 17 მაისამდე გააჩნდათ. 

 

“ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ქალები ნაკლებად არიან მიდრეკილი აგრესიისა და რადიკალიზმისკენ LGBT პირების მიმართ, თუმცა, საერთო ჯამში, საზოგადოება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა საერთო ტოლერანტულობისგან,”-ამბობენ კვლევის ავტორები

 

შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა, თქვენი ოჯახის წევრი იყო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე, გამოკითხულთა 92%-მა უარი უპასუხა. 81 %-ს არ სურს მისი ახლო მეგობარი ლგბტ პირი იყოს. 69%-მა არ ისურვა მისი მეზობელი ყოფილიყო, 67%-ს არ სურს იყოს მისი თანამშრომელი, 50%-მა არ ისურვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ლგბტ ადამიანები იყონ, ხოლო 24% ლგბტ მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების მომხრეა.

 

“როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია ოჯახის წევრი – განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირი, შედარებით ტოლერანტულები იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ ის ახლო მეგობარი, მეზობელი ან თანამშრომელია,”- ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. 

 

კითხვაზე, მისაღებია თუ არა, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ქალი ან მამაკაცი იყოს თქვენი- 1. ახლო მეგობარი, 2. თანამშრომელი ან 3. ქვეყნიდან განდევნილი, სქესის მიხედვით შედეგები ასე გადანაწილდა: გამოკითხული ქალების 25% თანახმაა იმეგობროს, 38% მზადაა ითანამშრომლოს, 20% ქვეყნიდან გაძევებას მხარს უჭერს. ხოლო კაცების 12% იმეგობრებს, 27% ითანამშრომლებს, 31% მომხრეა, რომ ლგბტ პირები ქვეყნიდან გააძევოს. 

 

10 -ქულიან შკალაზე ყველაზე მეტად გამართლებული პოლიციის (7), ხოლო ყველაზე გაუმართლებლად ანტიფომოფობიური აქციის მონაწილეების (2.5) ქმედებაა შეფასებული. პოლიციის შემდეგ მოდის, მთავრობის ქმედება (6), ეკლესიის წარმომადგენლების (5.6), კონტრაქციის მონაწილეების (5.1) ქმედება 17 მაისის აქციაზე. 

 

მათივე თქმით, გამოკითხვა ჩატარდა რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე,  სატელეფონო ინტერვიურებით, რომელშიც თბილისის 407 ზრდასრული მაცხოვრებელი გამოიკითხა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.7%-ს

მასალების გადაბეჭდვის წესი