ახალი ამბები

მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია – NDI

16 სექტემბერი, 2022 • 591
მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

კერძოდ, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 25% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 8% – „ნაციონალურ მოძრაობას“, 13% – სხვა პარტიებს, ხოლო 54% არცერთ პარტიას ასახელებს, არ იცის ან უარს ამბობს კითხვაზე პასუხის გაცემაზე.

ამასთან, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა(66%) წავიდოდა არჩევნებზე. კვლევის თანახმად, არჩევნებზე წასვლაზე უარს ყველაზე ხშირად ამბობდა ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრები, ასევე, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი.

უმრავლესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ გამოხატავს. კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, გამოკითხულთა 56% პასუხობს, რომ არა, ხოლო დადებითად 39% პასუხობს.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი