პოლიციამ დღეს ნატა ვიბლიანი გამოკითხა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან ვიბლიანი საქართველოში არ იმყოფება. ადვოკატის თქმით, გამომძიებლების კითხვებს ის ხვალაც უპასუხებს, რადგან ვიბლიანი დღეს საელჩოს შენობიდან ესწრებოდა პროცესს, სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ კი გამოკითხვა გადაიდო.

ქალი ამბობს, რომ 9 წლის ასაკიდან მრავალი წლის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. გარდა ამისა, ის ჰყვება, ფიზიკური ძალადობის, მუქარების, დაშინების შემთხვევებზეც.

ადვოკატის თქმით, დღეს ვიბლიანმა მამის საეჭვო გარდაცვალების შესახებ ისაუბრა ხვალ კი გამომძიებლებს მის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე მიაწვდის ინფორმაციას:

„ნატა ვიბლიანის ისტორია არის ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველი… არ მივსულვართ გაუპატიურების მუხლამდე, ჩვენ ჯერ განვიხილავდით და ქალბატონი ნატა ვიბლიანი საუბრობდა მამის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ…. ნატა ვიბლიანი საუბრობდა თუ როგორ უცნაურ გარემოში არის მამა გარდაცვლილი, ასევე, რა თქმა უნდა, არც იმას არ გამორიცხავს, რომ მამა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე…

ნატა ვიბლიანი ხვალ საგამოძიებო მოქმედებისას დეტალურად ისაუბრებს 9 წლის ასაკში მის მიმართ როგორ ახორციელებენ საზარელ დანაშაულს, კერძოდ როგორ აუპატიურებდნენ მას, გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდი არსებობს… მას აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი მოკლეს სამშობიაროში, დაბადებისთანავე, დანარჩენი ეს უკვე გამოძიების საკითხია“, – თქვა ადვოკატმა, მარიამ ბარსონიძემ „ტვ პირველის“ მიხედვით.

ადვოკატი აცხადებს, რომ ამ საქმეზე გამოკითხულია „საკმაოდ ბევრი“ ადამიანი, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არაა.


ნატა ვიბლიანმა საკუთარი ისტორიის გაზიარება სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მან თამუნა მუსერიძის გადაცემაში – „ვეძებ“ დეტალურად ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე.

როგორც ის ჰყვება, მამის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 8-9 წლის ასაკში, ის გააუპატიურა ოჯახის ახლობელმა კაცმა – ნათლიის ძმამ, რომელიც მაშინ სრულწლოვანი იყო. ქალი ამბობს, რომ მასზე სისტემური სექსუალური და ფიზიკური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ 14 წლის ასაკში დაორსულდა, მოძალადემ ის სვანეთიდან ზუგდიდში, საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც დაახლოებით 7 თვის ორსული, დამაჩქარებელი ინექციის გამოყენებით იძულებით ამშობიარეს.

ვიბლიანი იხსენებს, რომ დაინახა ცოცხალი ბავშვი და გაიგო მისი ტირილი ხმა, მაგრამ ამავე დროს გაიგო მოძალადის ნათქვამი, რომელმაც ექთანს ბავშვის მოშორება დაავალა.

როგორც ნატა ვიბლიანი ჰყვება, ამის შემდეგ მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდნენ სხვა კაცებიც. ის ასახელებს 4 ადამიანის სახელს, თუმცა, ამბობს, რომ ამ ფაქტების შესახებ შესახებ იცოდა მისმა სანათესავომ და მთელმა სოფელმა ჭუბერის თემში.

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლითაა დაწყებული.

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო