ახალი ამბებირეკლამა

დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა

16 იანვარი, 2018 • 1789
დევნილთა  დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთა დახმარების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ. ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის  დევნილი ოჯახის განაცხადი დაფინანსდა.

საგრანტო პროგრამა-„ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“-ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, UN Women-თან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას.

სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ამასთანავე დაუფინანსდათ ინიციატივები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივით, საერთო ჯამში, 976 საგრანტო განაცხადი დაფინანსდა, რამაც ჯამში 4 მილიონი ლარი შეადგინა.

ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცა ქვეყნის მასშტაბით 48 საბავშვო ბაღზე, რომლებშიც ჯამში 2700-ზე მეტი აღსაზრდელია. გრანტის მოცულობამ თითოეულ საბავშვო ბაღზე 10 000 ლარი შეადგინა, რამაც გადაჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიც იყო: ღია სათამაშო მოედნების არარსებობა, არასაკმარისი საწოლები ბავშვებისთვის, გაუმართავი სამზარეულო ოთახები, გათბობა და სხვა.

შემაჯამებელ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ დევნილებიც, რომლებმაც თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.  კობა უგრეხელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი, ხონიდან სპეციალურად  ჩამოვიდა დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად. მას პროგრამის ფარგლებში 2 450 ლარის თანადაფინანსება გადაეცა საფუტკრე მეურნეობის გასაფართოებლად. მიღებული გრანტით 30 ოჯახი ფუტკარი, 150 ჩარჩო, 150 ფიჭა და მეფუტკრის აღჭურვილობა შეიძინა.

დევნილთა დახმარების პროგრამა წარმოადგენდა მესამე ფაზას EU/FAO-ს ინიციატივის, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაიწყო. პირველი ორი ფაზის ფარგლებში 5000-ზე მეტ დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი (5.4 მილიონი ევრო) შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი