რეკლამა

გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გორში ბინები გადაეცემათ

21 დეკემბერი, 2017 •
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გორში ბინები გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში 480 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი ააშენა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 480 ბინის განაწილების პროცესი და სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი ობიექტი იხურება.

სია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/ab31e

ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი 436 დევნილ ოჯახს გადაეცემა, დარჩენილ 44 სამოთახიან ბინაზე კი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადდება. პირველ ეტაპზე, განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილებს შეეძლოთ და სამოთახიანი ბინის მსურველი ყველა ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 1 ქულა მიენიჭათ დაკმაყოფილდა.

მეორე ეტაპზე, სამოთახიანი ბინის მოთხოვნით, განაცხადის შევსება ნებისმიერ დევნილ ოჯახს, 25 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით შეუძლია.

მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება გორის მერიაში 22 და 23 დეკემბერს გაიმართება.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი