ახალი ამბები

მუხთარლის საქმის გამოსავალი – სერგი კაპანაძე

15 იანვარი, 2018 • 1763
მუხთარლის საქმის გამოსავალი – სერგი კაპანაძე

,,საერთაშორისო ზიანი, რომელიც საქართველომ მიიღო მუხტარლის საქმიდან გამომდინარე, უფრო ღრმავდება’’ – ეს კომენტარი ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ გააკეთა აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით.

,,ჩვენ ვნახეთ განცხადებები, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ევროკავშირმა და აშშ-მა გააკეთეს. აქედან სწორი გამოსავალი ახლა არის ის, რასაც ევროპული საქართველო ბოლო თვეებია მთავრობას სთავაზობს – საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის შიგნით, გამჭვირვალე გამოძიების წარმოება, რომელსაც ექნება ყველანაირი ლეგიტიმაცია, რომ დადოს სწორი დასკვნები და, რა თქმა უნდა, ამის შედეგი უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. მთავრობის დამოკიდებულება, რომ მიჩქმალოს ეს თემა, თითქოს არაფერი მომხდარა, იქნება უეფექტო. ეს არის ძალიან რეზონანსული საქმე. გაჩუმებით და არაფრის კეთებით ეს საქმე არ მოგვარდება,’’ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ევროკავშირის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცება გამჭვირვალე და საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერის განცხადება 14 იანვარს გამოქვეყნდა.

განცხადებაში საუბარია, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ 6-წლიანი პატიმრობის შეფარდება აღძრავს კითხვებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოხატვისა და მედიის თავისუფლების, სამართლებრვი პროცედურების მიმართ.

“საქართველოდან აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება, რასაც აზერბაიჯანში მისი დაკავება მოჰყვა, გამჭვირვალე და საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავისუფლების აღკვეთის საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების განხორციელებასთან არის კავშირში, აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა გადახედოს, რასაც ყველა შესაბამისი პირის გათავისუფლება უნდა მოჰყვეს, აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

საქართველოდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებულ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. როგორც თავად ამბობს, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისიდან 29 მაისის საღამოს გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს საზღვარზე გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი