ახალი ამბები

ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე

14 აგვისტო, 2013 •
ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე

 “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია არ აპირებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს, თუმცა აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ თანამდებობაზე კანდიდატურას დაასახელებს.

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

 

“ამ ეტაპზე პრეზიდენტის მხრიდან არანაირი კომუნიკაცია ან სურვილი შეხვედრის არ ყოფილა. ალბათ, როცა ხარატიშვილს უფლებამოსილება შეუწყდება, კონსულტაცია შემდეგ დაიწყება. სავარაუდოდ, გვეყოლება კანდიდატი, თუმცა ამწუთას ამაზე საუბარი ნაადრევია”, – ამბობს ნინო ლომჯარია და დასძენს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებათ პროცესის მიმართ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს.

 

“თუ წინასწარი განწყობა იქნება ის, რომ პრეზიდენტის დასახელებულ კანდიდატს კოალიცია მაინც არ აირჩევს ან პირიქით, თუ პრეზიდენტის განწყობა იქნება, რომ მხოლოდ მისთვის სასურველ კანდიდატს დაასახელებს და არა ყველასთვის სასურველს, ალბათ ეს იმოქმედებს იმაზე, რამდენად დავასახელებთ ჩვენ კანდიდატს. წინასწარ დავაკვირდებით მათ განწყობებს. დიდი ალბათობით ჩვენ კანდიდატს სტრატეგიულ პარტნიორებთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობასთან” და საიასთან ერთად დავასახელებთ. პირადად ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია, ნამდვილად არ მაქვს მსგავსი სურვილი”, – აცხადებს ლომჯარია.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კი, აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია დამოუკიდებლად კანდიდატის დასახელებას არ აპირებს, თუმცა, თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მათთვის მისაღებ კანდიდატურას წამოაყენებენ, შესაძლოა მხარი დაუჭირონ:

“ამ პროცეში ჩართვა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ამბავია. მე სიფრთხილით ვუდგები მაგ ამბავს და ამ ეტაპზე ვინმეს დასახელებაზე ჩვენ არ ვმუშაობთ. მერე რა იქნება, ვერ გეტყვით”, – ამბობს იგი.

 

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი გია ნოდია იხსენებს, რომ როდესაც ხარატიშვილის დანიშვნამდე პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები გამართა, მისი ორგანიზაცია ამ პროცესში მონაწილეობდა. მიპატიჟების შემთხვევაში ნოდია ახლაც მზადაა ამ პროცესში ჩაერთოს, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, დაასახელებს თუ არა ვინმეს კანდიდატურას:

 

“ჯერ ამაზე არ მიფიქრია”, – აცხადებს იგი.

გავრცელებული ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი აპირებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი კახა კახიშვილის კანდიდატურას დაუჭიროს, თუმცა იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ შეთავაზების შემთხვევაში ამ სტატუსზე უარს იტყვის:

 

“რომც იყოს ასეთი შეთავაზება, მე ამ ეტაპზე უარს ვიტყვი. ნამდვილად არ მინდა. დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ჩემი აზრით, ვერ უზრუნველყოფს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს საზოგადოებას, აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის ადმინისტრაციაში მუშაობა მე არ მსურს”, – განაცხადა მან.

ნინო ლომჯარის თქმით კი, ის კანდიდატი, რომელსაც “სამართლიანი არჩევნები” სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაასახელებს, აუცილებლად იქნება ადმიანი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური წარსული და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ არის ასოცირებული.

“ასევე გვინდა, რომ ის იყოს საარჩევნო საკითხებში ექსპერტი”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან იმ კონსულტაციებში, რომლის შედეგადაც ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი უნდა შეირჩეს.

 

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ან საქართველოს პარლამენტის მიერ. წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგი კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” აჩვენა, თუმცა, რადგან კანონში დაფიქსირებულია ტერმინი პარტია და არა საარჩევნო სუბიექტი, იგულისხმება, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ნაციონალური მოძრაობაა და არა კოალიციაში შემავალი 6 პარტია ცალკე აღებული. შესაბამისად, ცესკოს სპიკერის, ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ დასახელებული 3 სავარაუდო კანდიდატიდან ერთს სწორედ “ქართული ოცნების” წევრი პარტიები შეარჩევენ და არა ნაციონალური მოძრაობა.

 

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, თავმჯდომარის მოვალეობებს ზურაბ ხარატიშვილის მოადგილე დავით კირთაძე შეასრულებს. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ აირჩა, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან ერთს პარლამენტი აირჩევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი