ახალი ამბები

რა კითხვები აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ოპოზიციას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

11 იანვარი, 2018 • 2007
რა კითხვები აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ოპოზიციას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მმართველ გუნდთან შეკითხვები აქვთ. მათი თქმით, მთავარი კითხვა, რომელიც ამ დროისთვის საზოგადოებაში არსებობს, არის მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ლეტალური იარაღის გამოყენების აუცილებლობა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო  მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღესდღეობით ორი ძირითადი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, მათ შორის ის, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ იმისათვის, რომ სპეცოპერაცია არ დასრულებულიყო ტრაგიკული შედეგით.

უდიდესი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის, როცა 19 წლის ადამიანის სიცოცხლე იკარგება და ძალიან მნიშნვნელოვანია, ამ საქმეზე ჩატარდეს გამოძიება, რომელიც იქნება ობიექტური და რომელიც არსებულ კითხვებს პასუხებს გსცემს. ორი ძირითადი მიმართულებისკენ არის დაგროვილი ეს კითხვები. ერთი არის ის, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ იმისათვის, რომ ეს ფაქტი არ დასრულებულიყო ასეთი ტრაგიკული შედეგით, და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება,  ეს არის სახელმწიფოს მოქმედებები ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გამოძიების მიერ პასუხგაუცემელ კითხვებზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ფიგურირებდა არა მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლება, არამედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას ივანიშვილის მწვანე შუქის გარეშე ვერავინ გაბედავდა. დღეს 19 წლის ადამიანის საკუთარ ლოგინში ჩაცხრილვით გვეუბნებიან, რომ მორჩა პრობლემა, ეს იყო ის ადამიანი, ვინც ყველაფრის მიღმა იდგა, დაიშალეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ბუნებრივია, ეს ასე არ არის, ბუნებრივია, დადგება როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც”-  განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა “რუსთავი 2″-ის ეთერში.

გარდა “ნაციონალური მოძრაობისა”,   მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებენ “ევროპულ საქართველოშიც”. მისი წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის თქმით, არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს იმის პრაქტიკა, რომ თუ მთავრობა ვალდებულებას ვერ ასრულებს, ეს ვალდებულება გააუქმო.

,,უმრავლესობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ მთავრობას აღარ ჰქონდეს ვალდებულება, დაბარების შემთხვევაში მოვიდეს პარლამენტში და ფრაქციების მიერ დასმულ შეკითხვებს გასცეს პასუხიპოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ამიტომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. არსად მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში არ არის მიღებული პრაქტიკა, რომ თუ მთავრობა ვალდებულებას არ ასრულებს, ეს ვალდებულება გააუქმო და ამით გამოასწორო სიტუაცია” – აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო სექტორსაც აქვს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, ცენტრს კითხვები აქვს მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ლეტალური ძალის გამოყენების კანონიერებაზე. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შიდასამართლებრივი საშუალებები ეფექტიანი არ იქნება, EMC საქმის გაგზავნას სტრასბურგში გეგმავს.

“ჩვენ გვაქვს კითხვის ნიშნების სახელმწიფოს მიერ ლეტალური ძალის გამოყენების კანონიერებასთან და პროპორციულობასთან დაკავშირებით. და ცხადია, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშულებას იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე გამოძიებას მივაწოდოთ ყველა მტკიცებულება და ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები იქნას დაცული. საბოლოოდ შიდასამართლებრივი საშუალებები თუ ეფექტიანი არ იქნება, ჩვენ ვგეგმავთ ამ საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნას “ – განმარტავს თამთა მიქელაძე.

დღეს თემირლან მაჩალიკაშვილი დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონიას ესწრებოდა როგორც პანკისის მოსახლეობა, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რელიგიური პირები.

დღეს კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება, აქციის წევრები  სახელმწიფოსგან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ეფექტურ გამოძიებასა და მომხდარის გამო სუსისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.

მოვლენათა ქრონოლოგია

  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მუდივად ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი