ახალი ამბები

ნიკოლეიშვილი: გამოძიებისგან უნდა მივიღოთ ტყვიის ბოლო წერტილის ადგილი და ზომა

10 იანვარი, 2018 • 1762
ნიკოლეიშვილი: გამოძიებისგან უნდა მივიღოთ ტყვიის ბოლო წერტილის ადგილი და ზომა

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილის და დღეს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში პროცესს ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ესწრებოდა:

“საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ერთ-ერთ რენტგენოკონტრასტული უცხო სხეულის ძებნას, მაგრამ ამოვიღეთ და დამატებითი გამოკვლევებისთვის ლაბორატორიაში წავა. მსროლელის პოზა რომ დადგინდეს, ამისთვის ჩვენ ბოლო წერტილი უნდა ვიცოდეთ კედელზე, სადაც ტყვიამ შეწყვიტა მოძრაობა. საჭიროა აუცილებალად გამოძიებისგან მივიღოთ ბოლო წერტილის ადგილი და ზომა. მანძილზე [საუბარი] ძალიან გაგვიჭირდება. შესავალი ხვრელიც და გამოსავალი ხვრელიც მთლიანად საოპერაციო ზოლშია მოხვედრილი”,- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მოვლენების ქრონოლოგია: 

  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მუდივად ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი