ახალი ამბები

ექიმები შეთანხმდნენ მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

3 იანვარი, 2018 • 2369
ექიმები შეთანხმდნენ მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

კონსილიუმზე მიღებული გადაწყვეტილებით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს წმინდა მიქაელ მთავარეპისკოპოსის სახელობის კლინიკიდან სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, კონსილიუმზე განიხილებოდა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა მაჩალიკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში, რაზეც ექიმები შეთანხმდნენ. ამჟამად მიმდინარეობს შესაფერისი კლინიკის ძებნა.

“კონსილიუმზე გადაწყდა, რომ ამ პაციენტის ტრანსპორტირება შესაძლებელია. ახლა მიმდინარეობს კლინიკებთან მოლაპარაკება, რომლებთანაც თვითონ ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს კონტაქტი. როგორც კი გახდება კლინიკა ცნობილი, მოხდება პაციენტის გადაყვანაც ” – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

დღეს წმინდა მიქაეილ მთავარეპისკოპოსის სახელობის კლინიკაში ორი კონსილიუმი გაიმართა, სადაც მედიკოსებმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. კონსილიუმს ჯანდაცვის მინისტრი, დიმიტრი სერგეენკოც დაესწრო.

მოვლენების ქრონოლოგია მოკლედ:

  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს;
  • 26 დეკემბერი: პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად  დააკავეს 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი