ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველა სოციალურ ვალდებულებას შეასრულებს:

 

“მე, ძირითადად, ვისაუბრე საბიუჯეტო პარამეტრებზე, პარლამენტის წევრებს მივაწოდე ინფორმაცია, რომ საქართველოს ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არის, ბიუჯეტი დააფინანსებს ყველა სოციალურ ვალდებულებას, მათ შორის გაზრდილ ვალდებულებას. 1 სექტემბრიდან იცით, რომ პენსიები კიდევ ერთხელ იზრდება წელს, მეორედ უკვე, და ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს. ასე რომ, საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში, ზოგადად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის პირობებში არანაირი პრობლემა არ არის. ყველა ვალდებულება იქნება შესრულებული.”

 

რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებელს, ხადური აცხადებს:

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

„განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, რომელიც ცდილობდა ერთჯერადი, სრულიად უაზრო პროექტებით ზრდის იმიტაცია გაეკეთებინა, ჩვენ გრძელვადიან ზრდაზე ვართ ორიენტირებული, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა თავისუფალი ბიზნესის პირობებში მოხდეს გრძელვადიანი და სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა.

 

საპარლამენტო უმცირესობის მიერ შეთავაზებულ თანამშრომლობაზე ხადური აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფრის სწავლას არ აპირებს:

 

„რა უნდა მასწავლოს დავით ბაქრაძემ? როგორ დავატეროროთ ბიზნესი? როგორ წავართვათ ადამიანებს ქონება? როგორ დავტოვოთ, გამოვყაროთ სახლებიდან? როგორ დავანგრიოთ საცხოვრებელი სახლები თბილისში? ნამდვილად არ გვჭირდება და არ ვაპირებთ ასეთი რამეების გადაღებას „ნაციონალური მოძრაობისგან”. მათ ჰქონდათ 9 წელი იმისათვის, რათა ქვეყანა ფეხზე დაეყენებინათ.“

 

პრეზიდენტს, იმ განცხადების გამო,  სადაც ის საუბრობდა, რომ ეკონომიკამ 11 პროცენტით მოიკლო, ხადური ურჩევს, სიმართლეს თვალებში ჩახედოს:

 

„პრეზიდენტს მინდა ვურჩიო, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში სიმართლეს გაუსწოროს თვალები და საკუთარ ხელმოწერილ დოკუმენტს ვაჩვენებ, სადაც 11 არც არასდროს არ წერილა და არც იქნებოდა. ეს არის პრეზიდენტის კიდევ ერთი ტყუილი, ისეთივე, როგორიც იყო ძალიან ბევრჯერ. თუნდაც ის, რომ უკვე წელს ბათუმი და ფოთი ერთი ქალაქი უნდა ყოფილიყო. იცით, რომ თქვა ეს ადრე პრეზიდენტმა და ნახევარ მილიონ კაცს უნდა ეცხოვრა იქ და თბილისიდან ბათუმში მატარებელი 2 საათსა და 30 წუთში უნდა ჩასულიყო.”

 

ხადურმა კომენტარი ქუთაისის ბიუჯეტთნ დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ბიუჯეტი მძიმე დღეშია:

 

„მე ვიცნობ ამ პრობლემას და მართლაც ძალიან მძიმე დღეში დატოვა „ნაცონალურმა მოძრაობამ“ ქალაქის ბიუჯეტი. გადახარჯა, გაფლანგა ეს ფული. გაზარდა და გაბერა ხელოვნურად შტატები და დღეს ქალაქის მერია ეძებს ალტერნატიულ გზებს იმისათვის, რათა ქალაქს პრობლემები არ ჰქონდეს.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *