ახალი ამბები

უსუფაშვილი: იაფი კრედიტის საკითხი დამწყები ბიზნესისათვის რჩება გადაუჭრელ პრობლემად

7 აგვისტო, 2013 • • 876
უსუფაშვილი: იაფი კრედიტის საკითხი დამწყები ბიზნესისათვის რჩება გადაუჭრელ პრობლემად

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, უმრავლესობამ მიიღო სრული გარანტია იმისა, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებლები და ყველა ვალდებულება შესრულდება, რაც სახელმწიფოს გააჩნია მოქალაქეების მიმართ:

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებზე, მაჩვენებლებზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე, იმ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება საბიუჯეტო დაფინანსებით. საერთო სურათი არის დამაკმაყოფილებელი, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რაც ქვეყნის წინაშე იდგა წლის დასაწყისში. ეკონომიკური მიმართულების სამინისტროები მუშაობენ სრული დატვირთვით. ჩვენ მივიღეთ სრული გარანტია იმისა, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებლები შესრულდება და ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს გააჩნია მოქალაქეების მიმართ, თუ სხვა საპროექტო ვალდებულებები, წლის ბოლომდე იქნება შესრულებული. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა ახალი ინვესტიციები იგეგმება და რა პროცესშია ეს პროექტები. უახლოეს ხანებში ველით სერიოზულ გააქტიურებას ამ თვალსაზრისით.“

 

მისივე თქმით, კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს:

 

„ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზების მშენებლობაზე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე კონკრეტულ რაიონებში, ვისაუბრეთ მომავალი წლის ძირითად კონტურებზე და პარამეტრებზე, თუ რა იქნება მაჩვენებლები და როგორ გავაგრძელებთ მუშაობას. მივიღეთ დაპირება, რომ ყველა ის გეგმა, რაც წელს იყო განსაზღვრული, შესრულდება. ეს როგორც სასკოლო სახელმძღვანელოებს შეეხება, ისე საყოველთაო დაზღვევას, პენსიის მატებას, ხელფასის მატებას, სადაც ეს დაგეგმილი იყო. ასე რომ, ამ მიმართულებით საკმაოდ იმედისმომცემი სურათი ვნახეთ.“

 

აღნიშნული საკითხების გარდა, საუბრის თემა ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი იყო. უსუფაშვილის მტკიცებით, წლის ბოლომდე სერიოზული წინსვლა იქნება:

 

„იყო კითხვები იმის თაობაზე, თუ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები რას ეფუძნება, როგორ წავიკითხოთ და გავიგოთ ეს ყველაფერი, ჩვენ მივიღეთ პასუხები ამ კითხვებზე, რომ ეკონომიკის კლება ქვეყანაში დაფიქსირდა გასული წლის ივლისიდან და წელს მარტის თვემდე, ყოველი მომდევნო თვე აღინიშნებოდა კლების მიმართულებით. მარტიდან საპირისპირო პროცესი დაიწყო და წლის ბოლომდე სერიოზული წინსვლა იქნება.“

 

პარლამენტის სპიკერი მიიჩნევს, რომ იაფი კრედიტი დამწყები ბიზნესმენებისთვის ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა და იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო წელს ეს პრობლემა მოიხსნება:

 

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ იაფი კრედიტის საკითხი დამწყები ბიზნესისათვის რჩება გადაუჭრელ პრობლემად და მინისტრებმა გვითხრეს, რომ მთავრობა ასევე უყურებს და ალბათ მომავალი წლისთვის მაინც იქნება სათანადო მექანიზმები შექმნილი. იმიტომ, რომ საბანკო სექტორს აქვს თავისი პრიორიტეტები და დამწყები ბიზნესისთვის ძალიან ხშირად კრედიტი არის ხელმიუწვდომელი, არადა, სწორედ ახალი საწარმოების გახსნით, ახალი ინიციატივებით უნდა მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება. ამისთვის სპეციალურ ზომებზე იქნება საუბარი.“

მასალების გადაბეჭდვის წესი