საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას უნდა დავპირდეთ, რომ ყველაფერი გამოსწორდება:
“ჩვენ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა მოვიგონოთ, რომ ვეფხი და მოყმის ქვეყნის შვილები ვართ, ვაჟა ფშაველას ქვეყნის შვილები ვართ და იმ ოჯახებსაც, არაერთ აფხაზურ ოჯახს, ოსურ ოჯახს, ქედი უნდა მოვუხაროთ მათ წუხილს და უნდა მივცეთ პირობა, სიტყვიერი მაინც, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ურთიერთობები აღდგება იქეთ მხარეს. ერთადერთ რამეში ვეთანხმები ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს მართლაც არ არის ქართულ-აფხაზური, ან ქართულ-ოსური კონფლიქტი, ეს რაღაც ტერმინი შემოიტანეს და ამ ტერმინით არის ცნობილი კონფლიქტები, თორემ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გაცილებით მეტი ოსი და აფხაზი ცხოვრობს. აფხაზზე ვერ გეტყვით, მაგრამ ოსი განსაკუთრებით, და აფხაზებიც ბევრი, რომლებთანაც არასდროს კონფლიქტი არ გვქონია და არც გვექნება.”
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობა ისტერიკულმა მართვამ გამოიწვია:
“ალბათ პარლამენტის ტრიბუნა რიტორიკული განცხადებების არენაა, რასაკვირველია, მოულოდნელი არაფერია, მაგრამ როდესაც რიტორიკაზე და ისტერიკულ რიტორიკაზე აგებულია სახელმწიფოს პოლიტიკა და მიგვიყვანს იმ მძიმე შედეგებამდე, რაც დღეს გვაქვს, ცოტა უნდა გადახედო ან წარსულს, ან მოქმედებას, ან იმ დოკუმენტებს, ან თუნდაც საერთაშორისო დოკუმენტებს, ან იმ თხოვნებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუ ევროპიდან ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ არ ეწარმოებინა ის პოლიტიკა, რაც აწარმოა, განსაკუთრებით 2006 წლის ივლისის შემდეგ.
“მძიმე შეცდომები, ისტერიკული მართვის და ფაცი-ფუცით და ამ რიტორიკული მართვის გამოა ყველაფერი, რაც მივიღეთ და ბოლოს მინდა ვთქვა, იქამდე მივიდა ამ რიტორიკაში საქმე, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა სააკაშვილს, რომ დაანებეთ თავი ამ აგრესიულ სამხედრო რიტორიკას და პროვოკაციებს და, ბოლოს და ბოლოს, გამოვიტანოთ რაღაც დასკვნები,” – აღნიშნა ვოლსკიმ.
