კულტურის სამინისტროში მწერლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა რატიანის საქმესთან დაკავშირებით ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს. მწერლების მოთხოვნა რატიანის საქმეში მონაწილე პირების უპირობო დასჯაა.
რატი ამაღლობელის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოძიების დასრულებამდე უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს თანამდებობებიდან ის ადამიანები, რომლებიც რატიანის საქმეში მონაწილეობდნენ. მისი განცხადებით, გახარიას ვიზიტი კულტურის სამინისტროში საზოგადოებრივ მღელვარებაზე პასუხს წარმოადგენდა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, მინისტრი, როგორც ჩანს, მიხვდა, გამოწვევა სად არის; საზოგადოებრივი აზრი როგორია, ნამდვილი საზოგადოებრივი აზრი, მწერლების და არამხოლოდ მწერლების. მე ვფიქრობ, რომ მისი დღევანდელი ვიზიტი იყო ამ გამოწვევაზე პასუხი. მისი სურვილი იყო, რომ ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, გარკვეული შეთანხმებები მოვნახოთ. ჩვენი პოზიციაა ის, რომ მინისტრმა თავისი კომპეტენციისა ფარგლებში მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ კანონს და სცემდნენ ზვიად რატიანს, მინიმუმ ჩამოშორდნენ გამოძიების ფარგლებში დაკავებულ თანამდებობებს”, – აღნიშნა რატი ამაღლობელმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გიორგი გახარიამაც გააკეთა. მინისტრის თქმით, სამინისტროში მწერლებთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდა, რომელზეც საუბარი ზვიად რატიანის საქმესაც შეეხო. მისი განცხადებით, მწერლის საქმე დეტალურ გამოძიებას საჭიროებს, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ობიექტურობის გარანტია უნდა ჰქონდეს.
“[შეხვედრის] ძირითადი ამოცანა იყო როგორ უნდა გავაღრმაოთ ნდობა ჩვენს შორის, რამეთუ სისტემის რეფორმირებაში საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული.
რა თქმა უნდა, დისონანსურად გაიჟღერა ბატონი რატიანის ქეისმაც. რა თქმა უნდა ეს კონკრეტული ქეისი საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ ყველა მხარის შინაგანი რწმენა იყოს მაღალი საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ეს იქნება ობიექტურობის უმაღლეს ხარისხზე.
…საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული. მოქალაქეზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური”.
რაც შეეხება რატიანის საქმესთან დაკავშირებული ვიდეოს გავრცელებას, მინისტრმა ფაქტი არასასიამოვნოდ შეაფასა.
“ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ეს იყო არასასიამოვნო მომენტი, მაგრამ ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე ამ ეტაპზე. ეს არის სამწუხარო მომენტი, თუმცა ვფიქრობთ, ჩვენ მხარეები ერთად ამ გამოწვევასაც გავუძლებთ და ვუპასუხებთ”, – აღნიშნა გახარიამ.
მწერლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით სასაუბროდ შეიკრიბნენ, თუმცა დისკუსიის დაწყებიდან მალევე ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე მისვლა საჭიროდ არსებული კითხვის ნიშნების გამო მიიჩნია. გახარიას თქმით, კულტურის სამინისტროში მისვლა გადაწყვიტა იმის გამოც, რომ საპოლიციო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით რატიანის კოლეგების მესიჯები “ახლო თანხვედრაშია” სამინისტროს პოზიციასთან.