წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, 7 არასაპარლამენტო პარტია მიიღებს ერთჯერადად 150-150 ათას ლარს, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 7 საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი (კოალიცია ქართული ოცნების წევრი 6 პარტია და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) მიიღებს 300-300 ათას ლარს
დაფინანსების გარეშე რჩება “მწვანეთა პარტია” და “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის”, რომელთა ლიდერები პიროვნულად არიან საპარლამენტო უმრავლესობის, კოალიციის წევრები.
“მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ამ გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას არ მალავს. დღეიდან ის პროტესტის ნიშნად,საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქციის სხდომას არ დაესწრება. რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას, მისი თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი კოალიცია “ქართულ ოცნებას” სათავეში უდგას, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს:
“ნორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია ალბათ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ ასეთი დამოკიდებულების პირობებში დატოვოს ის გუნდი, რომელშიც ის ამდენი ხნის განმავლობაში მოღვაწეობს. მაგრამ, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ, მაგალითად, “მწვანეთა პარტიის” გასვლა უმრავლესობიდან ძალიან სერიოზულ პრობლემებს სახელმწიფოს საგარეო არენაზე, განსაკუთრებით ევროპის პარლამენტში… ის, რომ ამ გუნდში წარმოდგენილია უმრავლესობაში ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და საყვარელი ადამიანები, რომლებთანაც დამოკიდებულებაში დიდი ხანია ვარ და ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ განსაკუთრებით იმიტომ, რომ არსებობს კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უმაღლეს და უდიდეს პატივს ვცემ, როგორც უდიდეს საზოგადო მოღვაწეს და არ შემიძლია მას, ასე ვთქვათ, ვუღალატო. ამიტომ, მე გადაწვეტილებას ვერ ვღებულობ დღეს, ყოველ შემთხვევაში, სანამ ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკაში, უმრავლესობიდან გასვლის შესახებ.“
გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც პარლამენტში გარკვეულ პოლიტიკურ სპექტრთან დაკავშირებით არსებობს:
“ბიძინა ივანიშვილი ყველა შეხვედრაზე, როდესაც ეს საკითხი დგებოდა, კატეგორიულად მოითხოვდა, რომ “მწვანეთა პარტიას” და “სოციალ-დემოკრატიულ პარტიას” დაფინანსება მიეღო,” – აღნიშნავს დეპუტატი.
საკანონმდებლო ცვლილებების ფორმას არ ეთანხმება “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის” თავმჯდომარეც. როგორც გია ჟორჟოლიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, ცვლილება სამართლებრივად სწორია, თუმცა არასამართლიანია. გაჩეჩილაძისგან განსხვავებით, ჟორჟოლიანი პოლიტიკური ბოიკოტის ფორმას არ მიმართავს:
“რადგან ეს ხალხის ფულია და იგულისხმება, რომ ეს ხალხი ამ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ის პარტია, რომელსაც მხარს უჭერენ, გაძლიერდეს, ამ პრინციპს ეს საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება, მაგრამ სამართლებრივი პრინციპი, რაც საფუძვლად უდევს ამ დაფინანსებას, რომ ეს მხარდაჭრა უნდა შემოწმდეს მხოლოდ არჩევნების მეშვეობით და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს გადაეცემათ დაფინანსება, ესეც არ არის მთლად სამართლიანი. ჩვენ რომ ვმონაწილეობდით არჩევნებში, არავისზე ნაკლები მხარდაჭერა არ განგვიხორციელებია. მე მგონი, ბევრმა ჩვენმა ამომრჩეველმა და საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ აქტიურები ვიყავით და საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა გვქონდა. უფრო სწორად, ერთიანად გვქონდა. ცხადია, ახლა საერთო მხარდაჭერა იყო ბიძინა ივანიშვილის. ორი პირობა იყო: ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და მეორე, რეჟიმის უარყოფითი ნეგაცია. მაგრამ ჩვენ ამაში ორგანიზაციული და იდეური წვლილიც შევიტანეთ. ამდენად, კანონი არსებული ვითარების ადეკვატური არ არის, მაგრამ სამართლებრივად ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც იმ პრინციპებს ეყრდნობა, იმ ლოგიკას მისდევს, რომელიც დევს ჩვენს კანონმდებლობაში.”
ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ მის მიერ აღნიშნული პრინციპები გადასახედია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსება მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და პარტიებმა ძირითადად საწევრო გადასახადით უნდა იარსებონ:
“შესაძლოა, ეს პრინციპები იქნას გადახედილი. მე, მაგალითად, მინიმუმამდე დავიყვანდი პარტიების დაფინანსებას და ძირითადად საწევრო გადასახადის პრინციპს შემოვიღებდი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან დაბალია მოსახლეობის შემოსავალი. ჩემი აზრით, ეს ხელს შეუწყობდა მოსახლეობის მეტ ჩართულობას და პოლიტიკური პარტიების მეტ კავშირს საზოგადოებასთან. “
“მწვანეების” და “სოციალ-დემოკრატებისგან” განსახვავებით, დაფინანსებას მიიღებს კოალიციის არაწევრი “ხალხის პარტია”, რომლის ლიდერი კობა დავითაშვილი “ქართულ ოცნებაში” დამოუკიდებლად იყო წარმოდგენილი, ისევე, როგორც ჟორჟოლიანი და გაჩეჩილაძე. დავითაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მისი მტკიცებით, “ხალხის პარტიას” საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია და აღნიშნული კანონპროექტის მომზადება კოლეგებს მიანდო:
“ხალხის პარტია არ მონაწილეობდა ამ კონსულტაციებში აქტიურად, ჩვენ მივანდეთ სხვა კოლეგებს ამ საკითხის გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაფინანსება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არავისთან ხვეწნას და ღრიჯინს არ ვაპირებთ ამ თემაზე.”
ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანონპროექტზე დამატებითი განმარტებები გააკეთა. ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ გია გაჩეჩილაძის უკმაყოფილება ბუნებრივია:
“ბატონი გიას ნაწყენობა ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პრინციპებით ვერ მოხდა მისი პარტიის დაფინანსება. მან პირდაპირ ბრძანა, რომ ჩვენ თქვენი მხარდაჭერის მიზნით არ გავიარეთ რეგისტრაცია და აქედან გამომდინარე, ვერ ვაჩვენეთ შედეგები, როგორც დამოუკიდებელმა საარჩევნო სუბიექტმა. ასე რომ, ბუნებრივია მისი ნაწყენობა, უბრალოდ, ის პრინციპები, რა პრინციპებსაც ეფუძნება პარტიების დაფინანსება, არ ითვალიწინებს არჩევნებში არამონაწილე პარტიის დაფინანსებას.”
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქუცნაშვილი ნათელს უწოდებს და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა პარტიის დაფინანსება მოუწევდათ:
“ეს მგონია ნათელია, იმიტომ, რომ თუ პარტიას რეგისტრაცია არ აქვს გავლილი, თუ შედეგები არ აქვს ნაჩვენები, მას დღევანდელი სისტემით ვერ წარმოეშვება თანხის მოთხოვნის უფლება. სხვანაირად, გამოდის, რომ 220-ვე პარტიას, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა არჩევნებში და უბრალოდ რეგისტრირებულია ქაღალდზე, აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება, რაც არა მგონია სწორი იყოს ჩვენი მოქალაქეების, როგორც გადასახადების გადამხდელების ფულთან მიმართებაში.”
