ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მუხთარლის ადვოკატები ახალი მოწმეების დაკითხვას ითხოვენ

28 დეკემბერი, 2017 • 2550
მუხთარლის ადვოკატები ახალი მოწმეების დაკითხვას ითხოვენ

აფგან  მუხთარლის, თბილისიდან ბაქოში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ადვოკატებმა დღეს , 28 დეკემბერს სასამართლოს ახალი გამოძიების დაწყების შუამდგომლობით მიმართეს აზერაბიჯანელი ძალოვნის, აზერ შირინოვის წინააღმდეგ.

ifact.ge-ს ცნობით, მოსამართლემ მუხტარლის ადვოკატთა თხოვნა არც დააკმაყოფილა და არც უარყო –  “მისი თქმით, სასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მუხთარლის განაჩენის გამოტანის შემდეგ გვამცნობენ”.

მუხთარლი აცხადებს, რომ თბილისიდან ქართველმა ძალოვანებმა გაიტაცეს, აზერბაიჯანის საზღვართან, ლაგოდეხში მიიყვანეს და აზერბაიჯანელ კოლეგებს გადასცეს, მათ შორის იყო აზერ შირინოვიც, რომელმაც ჟურნალისტი ბაქოს ციხეში მიიყვანა. 14 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე შირინოვი მოწმის სახით დაკითხეს.

აზერბაიჯანული ძალოვანი უწყებები მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ფულის გადატანაში ედავებიან.

გამოცემის ინფორმაციითვე, ადვოკატებმა სასამართლოს იმ ექსპერტის გამოკითხვაც სთხოვეს, რომელმაც დაკავებისას მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა. ეს შუამდგომლობა აზერბაიჯანულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მუხთარლის ადვოკატები მოწმეების ჩვენებებს არ ენდობიან და ამბობენ, რომ მათ მიერ სასამართლოსთვის მონათხრობი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

სხდომაზე დასწრების უფლება მოსამართლემ არ მისცა “მეიდან ტვ”-ისა და “თოფლუმ ტვ”-ის ჟურნალისტებს. ორივე მედიასაშუალება იდევნება აზერბაიჯანის მთავრობის მიერ.

სასამართლოს შემდეგი სხდომა ბალაკანში 5 იანვარს, 11 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი