კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ დაფინანსების საკითხზე “ხალხის პარტია” არავისთან “ხვეწნას და ღრიჯინს” არ აპირებს:
“ხალხის პარტია არ მონაწილეობდა ამ კონსულტაციებში აქტიურად, ჩვენ მივანდეთ სხვა კოლეგებს ამ საკითხის გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაფინანსება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არავისთან ხვეწნას და ღრიჯინს არ ვაპირებთ ამ თემაზე.”
მისივე თქმით, ის საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებსაც დააყენებს პარლამენტში, რასაც აქამდე არ აკეთებდა:
“მე არსებითად პოზიციების ცვლილებას არ ვაპირებ. ერთგული ვარ იმ წინასაარჩევნო დაპირებების, რითაც მოვედი, უბრალოდ, ჩემს ძველ წინასაარჩევნო პროგრამაში შემავალ საკითხებს დავსვამ, რომლებსაც აქამდე არ ვსვამდი, სანამ კოალიციაში ვიყავი. დანარჩენი სხვაობა ის იქნება, რომ მე ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი, აქედან გამომდინარე, მექნება ყველა კანონპროექტზე ალტერნატიული წინადადების დასმის უფლება, რაც აქამდე არ მქონდა. ასე რომ, გარკვეული უფლებრივი ზრდა არის.”
დეპუტატის განმარტებით, უმრავლესობას მისი მხარდაჭერა პრეზიდენტის ვეტოების წინააღმდეგაც ექნება:
“სააკაშვილის ვეტოზე ჩემი პასუხი არის ყოველთვის ნათელი. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც კოალიციამ არ დაუჭირა მხარი ვეტოს დაძლევას და მაშინ სულ 4 კაცი იყო, რომელიც უჭერდა მხარს ვეტოს დაძლევას და ერთ-ერთი მე გახლდით. აქედან გამომდინარე, ამაზე არც შევევაჭრები ვინმეს, ისე მივცემ ხმას ვეტოს დაძლევას. ასევე ყველა იმ საკითხს, რომელიც პროგრამაშია. თუ პროგრამის საწინააღმდეგო იქნება, არც აქამდე ვიკავებდი თავს და არც მომავალში შევიკავებ. ასე რომ, მნიშვნელოვანი სხვაობა, ალბათ, აქ იქნება.”








