ახალი ამბები

ემზარ გოგუაძე: გასული რვა თვე საკმაოდ მძიმე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის

6 აგვისტო, 2013 • • 1614
ემზარ გოგუაძე: გასული რვა თვე საკმაოდ მძიმე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის

“არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ფორმით მათაც ჰქონდეთ ცდუნება, მაგრამ, პირველ რიგში, თავად მედიასაზოგადოება უნდა ამაღლდეს ამაზე, ანუ ჩვენში უნდა აღმოიფხვრას ყოველგვარი საბჭოური მენტალობა, შიშის ფაქტორი და რაც უფრო თავისუფალნი გავხდებით თავად ჩვენ, მით უფრო მოიკლებს ამდაგვარი სურვილები პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან”, – აცხადებს გოგუაძე.

გოგუაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გეგმების შესახებაც ისაუბრა. როგორც ცნობილია, ახალი კანონის თანახმად, 2014 წლიდან ახალი მოდელით გაგრძელდება ბორდის დაკომპლექტდება. ბორდის ხელმძღვანელის თქმით, საბჭო ეცდება, რომ ამ თვეების განმავლობაში მოასწროს და განახორციელოს ის სასიკეთო ცვლილებები, რაც მაუწყებელს გამოადგება. გოგუაძის განცხადებით, არსებობს ჯერ კიდევ შარშან შემუშავებული პროექტი, რომელიც მაუწყებლისთვის საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ბორდი აპირებს მიუბრუნდეს ამ თემაზე მუშაობას. გოგუაძის განცხადებით, იდეის განხორციელების შემთხვევაში ექსპერტთა საბჭოში, სავარაუდოდ, BBC–ის სპეციალისტები შევლენ.

“თავმჯდომარის შეცვლა არ არის განსკაუთრებული მნიშვნელობის ცვლილება სამეურვეო საბჭოში, რადგან სამეურვეო საბჭო არის კოლეგიალური ორგანო. საბჭოს თავმჯდომარეს აკისრია სპიკერის ფუნქცია, ამიტომ ეს ცვლილება თავმჯდომარის, რაც კანონის მოთხოვნით მოხდა, განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ჩვენ, როგორც კოლეგიალურ ორგანოს, გვაქვს მიზნები ახალ საეთერო სეზონთან დაკავშირებით და ეს მიზნები არის ძალიან საინტერესო. გასული რვა თვე რიგი მიზეზების გამო საკმაოდ მძიმე იყო მაუწყებლისთვის. ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ გამოვიდეთ შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან. ყველაფერი ჯერ მოწესრიგებული არ არის. რეიტინგიც, ცოტა არ იყოს, დაეცა, რასაც, როგორც ჩანს, თავისი მიზეზები ჰქონდა. მთლიანობაში შევეცდებით, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და ნელ–ნელა ვიაროთ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც მისი მონათესავე ამგვარი მაუწყებლების, ევროპული გამოცდილებისაკენ სვლა და სწორება ისეთი ტელევიზიისაკენ, როგორიც არის BBC. ვეცდებით, რომ მომავალში მასთან აქტიურად ვითანამშრომლოთ”, – განაცხადა მან.

გოგუაძე ბორდის ხელმძღვანელად 5 აგვისტოს გამართულ სხდომაზე აირჩიეს. მას მხარი საბჭოს 9 წევრმა დაუჭირა. 1 სექტემბრამდე საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ლევან გახელაძე რჩება. 

პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ემზარ გოგუაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი 2009 წლიდანაა.  2004-2006 წლებში იგი თბილისის პოლიტიკური აკადემიის  პრორექტორი იყო; 2002-2004 წლებში თბილისის კავკასიური უნივერსიტეტის დირექტორი; 2001-2002 წლებში საერთაშორისო ინფორმაციის, სამართლისა და კულტურულ ურთიერთობათა უნივერსიტეტის პრორექტორი; 1990-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი