ახალი ამბები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიწის მმართველობის პოლიტიკის შემუშავებას იწყებს

5 აგვისტო, 2013 • • 1021
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიწის მმართველობის პოლიტიკის შემუშავებას იწყებს

საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა დღეს, 5 აგვისტოს გაიმართა და იგი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საბჭოს შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროს, ასევე პარლამენტის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები შედიან.

 

“საქართველო, როგორც მცირემიწიანი ქვეყანა, დგას ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიც არის სახელმწიფოში მიწის მართვის პოლიტიკის შემუშავების პრობლემა. საქართველოში დღემდე მიწა იმართებოდა ქაოტურად, დღეს ჩვენ დავდექით იმის საჭიროების წინაშე, რომ პარლამენტს სასოფლო–სამეურნეო მიწებზე გამოეცხადებინა მორატორიუმი, რათა ჩვენი სასოფლო–სამეურნეო მიწები უსისტემოდ და ქაოტურად არ გასხვისდეს უცხოელებზე, მაგრამ ეს მორატორიუმი არის და იქნება ძალიან მოკლე იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები. ეს მოკლე დრო მოგვეცა ჩვენ პარლამენტის მიერ, რათა დავსხდეთ იუსტიციის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, ჩვენი სსიპებით შევქმნათ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პარლამენტთან ერთად და ვიმსჯელოთ, რა ტიპის მიწები გვაქვს საქართველოში და როგორ შეიძლება ამ მიწების კატეგორიები იცვლებოდეს ისე, რომ თვითნებობას არ ჰქონდეს ადგილი და შემდეგ რა შეიძლება გასხვისდეს და რა არა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიღებული კანონით 2014 წლამდე შეაჩერა ის დებულება, რომელიც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოს სასოფლო–სამეურნეო  მიწების შეძენის უფლებას აძლევდა. ამ ინიციატივის ოპონენტებმა მაშინ განაცხადეს, რომ ეს აკრძალვა ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევდა:

 

“თუ არ გვინდა, რომ მიწა დაიხნას და დამუშავდეს, მაშინ დავადოთ დიდი ბოქლომი საქართველოს,” – განაცხადა „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელმა პაატა შეშელიძემ” ნეტგაზეთთან” საუბარში.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული მორატორიუმი დროებითია და მათი მიზანი არ არის ქვეყანაში მიწების გასხვისების აკრძალვა:

“დღეს საერთოდ არ არის აღრიცხული ნაკვეთები… არავინ იცის, რა სახის მიწა გაგვაჩნია, რამდენი გაგვაჩნია, რა ხარისხის მიწები გვაქვს და ამ დროს მიწების პრივატიზება ხდებოდა სრულიად ქაოტურად. არ არსებობს სახელმწიფო სტრატეგია, თუ როგორი უნდა იყოს მიწებთან მიმართებაში [პოლიტიკა]. გვინდა, რომ ყველა საკითხი, ყველა კანონი მოწესრიგდეს მიწებთან მიმართებაში და სწორედ ამის მერე მოხდეს პრივატიზება”, – ამბობს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

“მიწები უნდა სხვისდებოდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს კონკრეტული კრიტერიუმები,  რის მიხედვით ვაკეთებთ ამას და რატომ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

ზემოხსენებული საკოორდინაციო საბჭო მიწის მართვის პოლიტიკის შემუშავებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს, რადგან 2014 წლის 1 იანვრიდან უცხოელებზე სასოფლო–სამეურნეო მიწების გასხვისების მორატორიუმს ვადა გასდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი