არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიებამ, რისთვისაც ამ დროისთვის ბრალი წარდგენილი აქვს რამდენიმე პატიმარს და გეგუთის ციხის რამდენიმე თანამშრომელს, მთელი რიგი შემაშფოთებელი გარემოებები გამოავლინა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლის 12 მაისს ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გადაიყვანეს გეგუთის #14 დაწესებულებაში. გეგუთის ციხეში განთავსებისას, ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა, რასაც მოჰყვა რამდენიმე პატიმრის მიერ ლევან კორტავას განსაკუთრებული სისასტიკით ცემა, რომლის დროსაც მიყენებული დაზიანებების გამო ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
არასამთავრობოები მიუთითიბენ, რომ აუცილებელია გამოძიება დაინტერესდეს ამ საქმესთან მალხაზ სინაურიძის კავშირით, რომელიც გეგუთის #14 დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც იქ პატიმარი ლევან კორტავა სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მალხაზ სინაურიძეს 2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე მიცემული აქვს ჩვენება რამდენიმე პატიმრის წინააღმდეგ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიანურიძემ ჩვენება თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ შეცვალა და განაცხადა, რომ ციხის ბუნტის ორგანიზატორი ბაჩო ახალაია იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენების შეცვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში იგი გეგუთის ციხის უფროსად დაინიშნა.
გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება გეგუთის ციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. საგანგაშოა, რომ გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას (რასაც მოყვა პატიმრის ცემა და საბოლოოდ გარდაცველება) ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც, სავარაუდოდ, გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე.წ. მაყურებლები. აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება პრობლემის აღიარება, თუმცა მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა”, – აღნიშულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
მათივე თქმით, მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ტიპის ფაქტებმა, პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღოს.
“ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეაგირება უნდა იყოს ადეკვატური და დადგინდეს საკუთარი მოქმედებითა თუ უმოქმედობით, რამდენად მონაწილეობდნენ ხსენებული დანაშუალის ჩადენაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალი თანამდებობის პირები. მიგვაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ციხის ხელმძღვანელობას აღნიშნული მმართველობის მეთოდების შესახებ არაფერი ცოდნოდა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ერთი მხრივ, უზრუნველყოს კანონმდებლობის იმდაგვარი სრულყოფა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ციხეში არაფორმალური მართველობის განხორციელების საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, გააძლიეროს დაწესებულებებში შიდა მონიტორინის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სამინისტროს, აღკვეთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების არაფორმალური მმართველობის ფაქტები”, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ისინი, ასევე, მოუწოდებენ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისა სამინისტროს: უმოკლეს ვადებში შეისწავლოს გეგუთის ციხეში არსებული ზოგადი მდგომარეობა და მმართველობის მეთოდები; დააყენოს გეგუთის ციხის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი; განახორციელოს სასჯელაღსრულებათა დაწესებულებების ეფექტური მონიტორინგი, რათა აღკვეთილ იქნეს არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტები.
“მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, შეისწავლოს აღნიშნული საქმის კონკრეტული გარემოებები. ასევე მნიშვნელოვანია, მიმართოს ძალისხმევა ამ და სხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მსგავსი პრობლემების გამოვლენის, პრევენციისა და აღმოფხვრისათვის. და საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასჯელაღსრულების სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის საჭიროებას. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრევენციის ეროვნული მექანიზმისგან დამოუკიდებლად, უმოკლეს ვადაში დაერთოთ ნება, განახორციელონ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ალტერნატიული მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს დაწესებულებებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, სამართალდარღვევათა პრევენციასა და არსებული გამოწვევების უკეთ გამოვლენას”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
ერთობლივი განცხადების ავტორები არიან შემდეგი ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“.
