აქციაში ქობულეთიდან ჩამოსული ადამიანებიც მონაწილეობენ, რომლებიც, მათივე თქმით, წინასაარჩევნოდ დაპირებული სესხების გამოყოფას ითხოვენ.
“ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ საკითხი გადაწყდეს ხალხის სასარგებლოდ. მთელი საქართველო არის გამოსახლების ზღვარზე, ნომერ პირველი პრობლემა დღეს არის ეს. სად მივყავართ? – გვასახლებენ ქართველებს საქართველოდან, მე ამას ვიტყვი. დროზე დაგვეხმარონ. ქობულეთელებისთვის შეპირებული თანხა, რომელსაც ბატონი ბიძინა წინასაარჩევნოდ პირადად შეგვპირდა… ვართ კომისიაგავლილი, ყველა ინსტანციაგავლილი. ერთადერთი ქობულეთია, რომლებიც არ გამოვსულვართ აქციით, არ გვიშიმშილია, არც გადაგვიკეტია ქუჩა, გვჯერა მისი დაპირების. ვართ ბოლო ზღვარზე, ბოლო ეტაპზე, ბოლო ნაბიჯი გადმოვდგით დღეს. ველოდებით დღე-დღეზე ჩვენ სესხების გამოყოფას ქობულეთი და შემდეგ დანარჩენი საქართველო, რომ გადარჩეს გამოსახლებას,” – ამბობს ნარგიზ დოლიძე.
აქციის მონაწილეებთან იმყოფება პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი გოგი წულაია. წულაია აცხადებს, რომ პარლამენტმა კანონის განხილვა უნდა გააგრძელოს:
“მთელმა საზოგადოებას იცის, რომ პარლამენტმა დაიწყო ამ საკითხზე ფიქრი და ამ საკითხის გადაწყვეტის გზების ძებნა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავისი მოწოდებით შეაჩერა ეს პროცესი. მე მინდა ვუთხრა მას, რომ მთავრობა, პარლამენტი კაცობრიობამ იმისათვის მოიფიქრა, რომ ზრუნავდეს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე, რაც არ უნდა რთული იყოს პრობლემა. კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლებამ და დაიწყოს ამ პრობლემაზე ფიქრი და მოგვარებაზე ზრუნვა. თორემ ამ ადამიანებს დასაკარგი არაფერი აქვთ, მაინც უსახლკაროდ დარჩებიან, მაინც ქუჩაში იქნება და აგერ პარლამენტთან იქნებიან ქუჩაში.”
მისივე განმარტებით, აქციებს პერმანენტული სახე მიეცემა:
“ამ აქციებს ექნება პერმანენტული ხასიათი, ექნება მუდმივი ხასიათი, ექნება უფრო მძაფრი ხასიათი. კარგად იცის საზოგადოებამ, რომ რამდენიმე დღის წინ ქალბატონი იხრჩობდა თავს, ამას ექნება შეუქცევადი ხასიათი, ეს იქნება ერის გენოციდი და ალბათ ისტორიაში შევა, როგორც იპოთეკური გენოციდი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ პრობლემების გადაჭრის გზებზე იფიქრონ.”
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია განმარტავს, იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების შეჩერებაზე კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სესიაზე აღარ განიხილავს: “კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს. უმრავლესობა ყველასათვის მისაღებ გამოსავალს ეძებს.”
