სამი ბრალდებულიდან ერთ-ერთი არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ. დანარჩენი ორი აღიარებს დანაშაულს და ითხოვს, რომ 2 ათასი ლარით დააჯარიმონ. დაზარალებული თემურ ქედელიძე კი, რომელიც პროკურატურის თქმით ამ სამხედროებმა სცემეს, საპროცესო გარიგების გაფორმებას ეწინააღმდეგება.
31 ივლისს სასამართლო პროცესზე თემურ ქედელიძემ რამდენჯერმე ხელის აწევით ანიშნა მოსამართლეს, რომ მისთვისაც მიეცა სიტყვის თქმის უფლება. ის სასამართლო პროცესებს დაზარალებულის სტატუსით ესწრება – თემურ ქედელიძეს შეიარაღებულმა და მთვრალმა სამხედრო პოლიციელებმა ცოლის თანდასწრებით სცემეს, აგინეს და მისი შეშინების მიზნით გაისროლეს კიდეც.
ეს ფაქტი 2013 წლის 14 აპრილს მოხდა. მაღლა აღმართული ხელის დანახვაზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი მხოლოდ იმას სჯერდებოდა, რომ მკაცრად ავლებდა თვალს დარბაზში მყოფ მოქალაქეს. თემურ ქედელიძის ხელის აწევაზე თვალშისაცემი რეაქცია მხოლოდ მანდატურს ჰქონდა – ის მასთან მიდიოდა და ჩურჩულით აფრთხილებდა, რომ თუ კიდევ აწევდა ხელს, მას დააჯარიმებდნენ. მიუხედავად ამისა, თემურ ქედელიძემ 7 წუთის განმავლობაში ხელი ოთხჯერ აღმართა. ის არ დაუჯარიმებიათ.
მოქალაქე ქედელიძე ყურადღების მიქცევას ძირითადად მაშინ ცდილობდა, როცა მოსამართლე კიკილაშვილი, პროკურორი თურმანიძე და ადვოკატი სოტკილავა, საპროცესო გარიგებას ახსენებდნენ. ერთხელ ხელი მაშინაც აღმართა, როცა ადვოკატმა თქვა – “ბატონო მოსამართლევ, დაზარალებულები საპროცესო გარიგების წინააღმდეგი არ არიან”.
“მეოთხე სასამართლო დამთავრდა და სიტყვა არ მითქვამს, არადა, მე ვარ დაზარალებული. ჩემ გარეშე როგორ გამოიტანენ განაჩენს, მაგასაც ვნახავ… საპროცესო გარიგებაზე მიდიან, მე თანახმა ვიქნები ონისე ხუბულავას მიმართ, რომელსაც ჩემთან შეხება არ ჰქონია. პაატა გვილავასა და მალხაზ მამფორიას არ ვაპატიებ, სანამ პირში სული მიდგია”, – ეს კომენტარი თემურ ქედელიძემ სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
სამმა სამხედრო პირმა 14 აპრილს ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, თემურ ქედელიძესთან ერთად მინიმუმ ოთხი მოქალაქე შეურაცხყო. გამოძიების ვერსიით, იმ ღამეს სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები სოფლის გზაზე შემხვედრ მოქალაქეებს აიძულებდნენ ეჩვენებინათ ჯვარი, ეკითხებოდნენ „ქრისტიანები” იყვნენ თუ „თათრები”. სამხედროებმა რამდენიმე მოქალაქეს იარაღის კონდახი ჩაარტყეს და ისროლეს კიდეც იმის გამო, რომ მათ ჯვარი ვერ აჩვენეს. თემურ ქედელიძეს იმ ღამეს ყველაზე მეტი მოხვდა, რადგან მან თავდამსხმელებს უთხრა, რომ არ იყო ქრისტიანი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამივე სამხედროს მძიმე სასჯელი ემუქრებოდა (ონისე ხუბულავას ბრალს ისიც უმძიმებდა, რომ ძიებას თავდაპირველად დაემალა), თუმცა 31 ივლისს სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა დემურ სოტკილავამ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და პროცესის გადადება სთხოვა. მოტივი – პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობა.
დემურ სოტკილავა ამბობს, რომ მისი კლიენტები – ონისე ხუბულავა და მალხაზ მამფორია აღიარებენ დანაშაულს. ადვოკატის აზრით, ამას საპროცესო გარიგების მისაღწევად არ აქვს ცოტა მნიშვნელობა: “ონისე ხუბულავას მიმართ ძებნა იყო გამოცხადებული. ის თვითონ ჩაჰბარდა. გამომდინარე აქედან, ჩვენ რეალურ სასჯელს ვითხოვთ – ერთ წლამდე პატიმრობა და ჯარიმა 2000 ლარი.
რაც შეეხება მამფორიას, ის არ დამალულა, მისი მხრიდან ჩვენებით არ იკვეთება ძალადობა, არც იარაღი გააჩნდა. ხულიგნობასთან ერთად, მან უფლებამოსილებას გადაამეტა, ჩხრეკა ჩაუტარა კონკრეტულ პირს. ის აღიარებს დანაშაულს. ჩვენ მის მიმართ ვითხოვთ პირობით სასჯელსა და ჯარიმას – 2000 ლარის ოდენობით”.
დემურ სოტკილავამ მოსამართლეს შეატყობინა: “ხუთიდან სამი დაზარალებული – ლევან მესხიძე, ამირან დოლიძე და მევლუდ დავითაძე წინააღმდეგი არ არიან გაფორმდეს საპროცესო. თემურ ქედელიძის გარდა ყველამ დაწერა განცხადება, რომ პრეტენზიები არ ექნებათ”.
დანაშაულს არ აღიარებს პაატა გვილავა. დანარჩენი ორი 14 აპრილს ღამით სწორედ ამ უკანასკნელის მეუღლის ბაბუის სახლში იმყოფებოდნენ სტუმრად ციხისძირში. პაატა გვილავა შუახევის მაჟორიტარი დეპუტატის – ომარ მეგრელიშვილის სიძეა.
პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება-არგაფორმების დროს დაზარალებულის პოზიცია გადამწყვეტია. პროკურორმა ახსნა ისიც, თუ რატომ არ ეკითხებიან არაფერს სასამართლოში დაზარალებულ თემურ ქედელიძეს:
“წინასწარი ძიების დროს დავკითხეთ ბატონი თემური, მისი მეუღლე, სხვებიც. ისინი სასამართლოს განხილვის დროს იმიტომ არ იკითხებიან, რომ დაცვის მხარე შეგვითანხმდა მტკიცებულებებზე. დაცვის მხარე ეთანხმება, რომ დაზარალებულ ქედელიძისა და სხვების ჩვენება არ არის სადავო, ანუ სამივე ბრალდებული ეთანხმება ჩვენებებს. კოდექსის მიხედვით, თუ დაცვის მხარე სადავოდ არ თვლის საკითხს, ყველა ჩვენება ითვლება შეთანხმებულად”.
ბრალდებულ სამხედროებს აჭარის პროკურატურა უფლებამოსილების გადამეტებას, ჯგუფურ ხულიგნობას ედავება. საქმე არ აღიძრა 142-ე მუხლით, ანუ რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფაზე (ადამიანების თანასწორუფლებიანობის დარღვევა). ვლადიმერ თურმანიძე ამის თაობაზე განმარტავს: „ამ შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს ისეთ მოქმედებას, რომელიც მიმართული იქნება უშუალოდ აღმსარებლობის ხელშეშლასთან, როგორიც არის რიტუალების ჩატარება, სამლოცველოების დაკეტვა და ა. შ.”
შემდეგი სასამართლო პროცესი 2013 წლის 16 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება. პროცესს, წესით, ისევ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი გაუძღვება, რომელიც ოფიციალურად ხელვაჩაურის მოსამართლეა, მაგრამ რეალურად ბათუმში მუშაობს.
