ბიზნესმენ და ცხოველთა დამცველ თამაზ ელიზბარაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „ოცნების“ მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილისა და მისი მეგობრებისადმი მუქარის საბაბით.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს, 4 სექტემბერს მიიღო.

ელიზბარაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. მტკიცებულებებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მუქარის სისრულეში მოყვანის რისკების გათვალისწინებით. ელიზბარაშვილის ადვოკატები (ლექსო სვიმონიშვილი, ლალი აფციაური, ია სირანაშვილი) მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი, 20 000 ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. 

გამოძიება ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. თავად ელიზბარაშვილი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს. მუხლი ყველაზე მძიმე სასჯელის სახით 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ითვალისწინებს ასევე შინაპატიმრობასაც.

საქმეში სულ შვიდი დაზარალებულად ცნობილი მამაკაცი ფიგურირებს. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მათ დაემუქრა ცხოველთა დამცველი, მათ ეს მუქარა რეალურად აღიქვეს და გაუჩნდათ „საფუძვლიანი შიში“.

დაზარალებულად არის ცნობილი შაკო კუჭაშვილი, რომელმაც ამის შესახებ თავადვე საჯაროდ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ელიზბარაშვილისთვის არ უჩივლიათ, მაგრამ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. კუჭაშვილის ვერსიიდან გამომდინარეობს, რომ ის არის მთავარი ფიგურანტი ელიზბარაშვილთან კონფლიქტში. მათ შორის დაიწყო უთანხმოება, 30 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე. რაშიც შემდეგ ჩაერთნენ კუჭაშვილის ახლობლები. კუჭაშვილსა და ელიზბარაშვილს შორის კონფლიქტი კი დაიწყო წარსულში კუჭაშვილის და მისი ოჯახის წევრებზე თითქოს ელიზბარაშვილის მხრიდან დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო.

„შაკო, შენ არ გეღირსოს ჯანმრთელობა და მთელ შენს ოჯახს შეეყაროს დიუშენი“ — ეს არის დაწერილი ძაღლების თავშესაფრის გვერდიდან შაკო კუჭაშვილის პოსტზე, რომელიც დიუშენის პაციენტების გულშემატკივრებს ეხებოდა მათი მხარდამჭერი აქციების მიმდინარეობის პერიოდში. სწორედ ეს კომენტარი აჩვენეს ადვოკატის თქმით ელიზბარაშვილს კუჭაშვილმა და მისმა ახლობლებმა. ფეისბუკზე ძაღლების თავშესაფრის გვერდთან წვდომა ელიზბარაშვილის გარდა სხვებსაც აქვთ. ელიზბარაშვილი უარყოფს, რომ ეს კომენტარი მისი დაწერილია.

სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა კიდევ ორი დაზარალებულის გვარ-სახელი: ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. ორივე მათგანი “იმედისთვის” მუშაობს. რადიო თავისუფლების ცნობით დაზარალებულადაა ცნობილი “იმედის” კიდევ ერთი თანამშრომელი: სანდრო გამსახურდია.

რა მოჰყვა თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლოში:

ელიზბარაშვილის თქმით, მას აქეთ დაესხნენ თავს, თავი გააცნეს „იმედის“ თანამშრომლებად და დაემუქრნენ. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა 2 მათგანი, მას კი მხოლოდ გაუგებრობისა და კონფლიქტის ამოწურვა სურდა.

„მე ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. ჩემი მე-11 შვილი ჩვილი ბალღია და ძუძუს ჭამა უწევდა. სწრაფად ვივახშმეთ. ხელებს ვიბანდი, სანამ წავიდოდით და ამ დროს მოდის ახალგაზრდა მამაკაცი. ვინ ხართ-მეთქი და ტელეიმედის თანამშრომლები ვართო. გვახსოვს შენი პოზიცია, ხშირად გვაგინებო და ბოდიში მოიხადეო.

მეუღლე მელოდება, ვიცი 12-ზე ძუძუ უნდა აჭამოს ბავშვს. გამიშვით ახლა, ბოდიშს ვერ მოგიხდით, არ გიცნობთ-მეთქი. დავინახე, რომ ჩემი მეუღლე ჩამოვიდა. არ მინდოდა, დაენახა და მოესმინა, როგორ მაგინებდნენ. თან მინდოდა მიმეცა საშუალება, რომ ასულიყო ზემოთ და იქ ეთქვა თანამშრომლებისთვის, რომ გამოეძახებინათ პოლიცია ან დაცვის სამსახური. ავიდა ჩემი მეუღლე და ჩამოვიდა რესტორნის დაცვის თანამშრომელთან ერთად.

შვიდი კაციდან ერთ-ერთს ველაპარაკები, გაიყვანეთ ეს აგრესიული-მეთქი. რაღაცაც ისროლა ჩემკენ. ძალიან ნასვამებიც არ იყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ მთვრალები იყვნენ. ორი იყო გამორჩეულად აგრესიული. დანარჩენები მეუბნებოდნენ, ბოდიში მოიხადე, თორემ აქედან ვერ გახვალო. შენი პოზიცია უნდა შეიცვალოო, არ მოგვწონსო, ბოდიში მოიხადე და წადიო.

ვუთხარი, შვილებს გეფიცებით, ბავშვს ძუძუ უნდა აჭამოს ჩემმა მეუღლემ და დავბრუნდები-მეთქი. შაკო მემუქრებოდა, სადაც გნახავ, ასე და ისე ვიზამო. დავბრუნდი იმიტომ, რომ ეს კონფლიქტი ამომეწურა. სულ ბავშვებთან ერთად დავდივარ. 64 წლის კაცს მე ლაპარაკი არ მეშლება. დავამშვიდე ჩემი მეუღლე და დავბრუნდი რესტორანში.

წნევა მაღალი მქონდა, ნერვიულობის ფონზე კიდევ მიწევს ხოლმე, წამალი დავლიე. [რესტორანში] რომ ჩავედი, არავინ დამხვდა. გულზე მეჭირა ხელი, რადგან ცუდად ვიყავი. ვეუბნები დაცვის თანამშრომელს, მელოდებიან ეს ბიჭები-მეთქი. დაკეტილია რესტორანიო, არავინააო. წავედი მანქანისკენ.

მეორე დღეს დავწერე პოსტი, ბოდიში უნდა მომიხადოთ-მეთქი. ჩავუჯექი იმედის საიტს, რომ მენახა ამ ხალხის გვარ-სახელები, რომ მეთქი, ვნახავ, შევხვდები მერე და ამოვწურავ ამ კონფლიქტს. თუ ჩემი იქ მისვლით, იმ 7 ახალგაზრდა კაცს ჩემი, ერთი კაცის დანახვის შეეშინდა, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს. ჩხუბი რომ მნდომებოდა, მარტო ჩავიდოდი? ეს არის სრული სიმართლე!“ — ასე იხსენებს რესტორანში მომხდარს თამაზ ელიზბარაშვილი.

ის ასევე იხსენებს მისი ჩხრეკისა და დაკავების ეპიზოდსაც.

„ჩემი დაბადების დღე იყო, ჩხრეკა რომ ჩაატარეს. 8 თვის ბავშვი ხელში მეჭირა. შემოვიდნენ ჩხრეკაზე, ხელი კრეს ჩემს მეუღლეს, ჩაწიხლეს ჩემი ადვოკატი (ია სირანაშვილი), ხდება ეს ჩემი არასრულწლოვანი ბავშვების თვალწინ. მეთქი ვერც ჩემი შვილები, ვერც ქალები ამისგან ვერ დავიცავი. ისეთ ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი, მეთქი გადავხტები ახლა აივნიდან. დამიჭირეს. გონება დავკარგე და საავადმყოფოში მოვედი გონს, ისე მომიჭირეს ბორკილები. რა საჭირო არის ეს ყველაფერი. ისე არ გაიგოთ, რამის მეშინია. მე ჩემს შვილებს კაცობისა და ვაჟკაცობის მაგალითს ვაძლევ. ციხით რომ მაშინებს ბატონი პროკურორი, მეშინია ციხის? ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ იქიდან“, — თქვა სასამართლოში თამაზ ელიზბარაშვილმა.

გამოძიების ვერსია

გამოძიების მიხედვით, 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, „სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა, გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.

დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია“, — ამბობს პროკურატურა.

ბრალდების თქმით, 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ასევე წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. შესაბამისად, „დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში“.

ადვოკატ ლექსო სვიმონიშვილის თქმით, არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. მისივე განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს. „პროკურატურა რომ იყოს დარწმუნებული, რომ თამაზ ელიზბარაშვილს იარაღი ჰქონდა, მას ბრალს წარუდგენდნენ იარაღის უკანონო ტარების გამოც“, — ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება „მოსაცმელის ჯიბეში ჩაყოფილ ხელს“, ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თამაზ ელიზბარაშვილს ზოგადად ახასიათებს მსგავსი ჟესტი და მოქმედება.

ერთადერთი იარაღი, რომელიც ელიზბარაშვილის საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკისას იქნა ამოღებული, კანონიერად არის რეგისტრირებული მის სახელზე და ამჟამად გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.