მიხეილ ყაველაშვილმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა.  ის პოსტზე გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.

ვინ არის გოგა კიკილაშვილი?

გოგა კიკილაშვილი 37 წლის იურისტია. ის აქამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. ის ამ პოზიციაზე სკანდალურად აირჩიეს. მის კანდიდატურას წინა მოწვევის პარლამენტში მხარი 90-მა დეპუტატმა მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ხმები რეალური ოპოზიციიდანაც მიიღო. კენჭისყრა ფარული იყო.

გოგა კიკილაშვილი არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილი.

ვინ არის ხვიჩა კიკილაშვილი?

ხვიჩა კიკილაშვილი დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლეა. ის ენმ-ს ხელისუფლების დროსაც სისტემაში მუშაობდა, ხან პროკურორად და ხანაც მოსამართლედ. “ოცნების” დროს ის უვადო მოსამართლედ გამოარჩიეს. მას არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა იმ გავლენიან ჯგუფს მიაკუთვნებს, რომელსაც “კლანად” მოიხსენიებენ. თავად ეს ჯგუფი უარყოფს რაიმე ფარულ გავლენებს სასამართლო ხელისუფლებაში.

ხვიჩა კიკილაშვილს უკავშირდება ძალიან გახმაურებული საქმე, რომელიც იმავე ე.წ. კლანად მოხსენიებული ჯგუფის გავლენიან ფიგურას, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს უკავშირდებოდა.

2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე ინციდენტი მოხდა, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე დაიწყო. ბავშვის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის განცხადებით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბიჭს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრულწლოვანის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე.

2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწლოვანს, ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდეც ბავშვის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საზღვარგარეთ წავიდნენ.

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო 2017 – 2020 წლებში. ხვიჩა კიკილაშვილი კი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო 2018 წელს, როცა მან „გიორგი მიქაუტაძის საქმეზე“ განაჩენი გამოიტანა. 2020 წელს გიორგი მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა, ხოლო ხვიჩა კიკილაშვილმა კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მანტია მოისხა.

ამის შემდეგ ხვიჩა კიკილაშვილმა მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

მან საკონსტიტუციო სასამართლო მოულოდნელად დატოვა 2025 წელს. მას ვადა 2030 წელს ეწურებოდა, თუმცა თავისი სურვილით გადადგა 5 წლით ადრე.

ოპოზიციონერ ნიკა გვარამიას განცხადებით, 2025 წელს მაშინდელ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას ვადა ამოეწურა.

“ხოლო სათავმჯდომარეო კაცი იმჟამად მოქმედ მოსამართლეებში ქოცებს არ ეგულებოდათ. ჰოდა, გადადგა კიკილაშვილი და იმავე უზენაესმა სასამართლომ მის ნაცვლად მოსამართლედ დანიშნა რევაზ ნადარაია, რომელიც მყისვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული”, – აცხადებს გვარამია და დასძენს, რომ ამის შემდეგ სასამართლოში თავად ხვიჩა კიკილაშვილი ვერა, თუმცა მისი შვილი დაბრუნდა.

“კიკილაშვილი კი წავიდა, მაგრამ კიკილაშვილი ისევ მოვიდა. მართალია, კონსტიტუცია კრძალავს ერთი პირის ხელმეორედ არჩევას საკონსტიტუციოში, მაგრამ კიკილაშვილების კვოტის შევსებას – ფორმალურად, არა ოჯახი ხრამია, მოგეხსენებათ, და მოსამართლის თანამდებობა ამ ხრამის სხვა წარმომადგენელმა, კერძოდ, ხვიჩას 36 წლის ვაჟმა, გოგამ დაიკავა, რომელიც აქამდე იუსტიციის საბჭოს წევრი იყო”.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ წევრად სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა. მეთოფიშვილი ამ პოსტზე უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე სერგო მეთოფიშვილი პროკურატურაში მუშაობდა. ბოლოს, 2025 წლის ივლისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მეთოფიშვილი ხშირად აკრიტიკებს, მას სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის აქტიურ წევრად მოიაზრებენ. მეთოფიშვილი იმ მოსამართლეთა შორისაა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას (ე.წ. ვეტინგს)