UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ.

დვალიშვილმა ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვიძლეოდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტებით ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები ხელს მიჭერდნენ, ხოლო თავად ისინი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ“, — წერს დვალიშვილი.

დვალიშვილის ცნობით, ინციდენტში ორივე ძმა, უსმან და უმარ ნურმაგომედოვები მონაწილეობდნენ.

მოგვიანებით, აბუ-დაბიდან სპორტულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მერაბ დვალიშვილს ინტერვიუს ჩაწერის დროს ნურმაგომედოვი რამდენიმე პირთან ერთად მიუახლოვდა და სახეში დაარტყა.