ახალი ამბები

პანკისის უხუცესთა საბჭო თემრილან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე ხელისუფლებას მიმართავს

27 დეკემბერი, 2017 • 1777
პანკისის უხუცესთა საბჭო თემრილან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე ხელისუფლებას მიმართავს

პანკისის უხუცესთა საბჭომ ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა, მიმართვა გაავრცელა. უხუცესთა საბჭო სპეცოპერაციის მეთოდების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.

აქცია პანკისში © pankisi.ge

“შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივაა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებების წინააღმდეგი არავინაა.

ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა, თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება”, – ნათქვამია ხელისუფლებისადმი მიმართვაში, რომელსაც Pankisi.ge ავრცელებს.

დღესვე ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და ხეობის მცხოვრებლები აპროტესტებენ მისი დაჭრის ფაქტს.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია, სადაც 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. მაჩალიკაშვილი შუბლის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

სუს–ის ცნობით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ს 331 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს. სუს–ის ინფორმაციით, დაკავებული პირები გაბრიელ ბერის გამზირზე დაკავებულ პირებს დაეხმარნენ, რომ საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისში სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.
გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, პროცესის ფარგლებში ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი