პროფკავშირის განცხადების თანახმად, ისინი მოითოვენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენი მასწავლებელია მოქმედი პედაგოგი იმ მასწავლებლებიდან, ვინც გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და რამდენია მასწავლებლობის მაძიებელი საგნების მიხედვით. პედაგოგთა პროფკავშირი ასევე მოითხოვს ინფორმაციას თითოეული საგნის მიხედვით- ჩაჭრილი პედაგოგებიდან რამდენი არის ამ საგნის საუნივერსიტეტო განათლების მქონე მოქმედი მასწავლებელი და რამდენი სხვა საგნის მოქმედი პედაგოგი, თუ მაძიებელი.

 

“სერტიფიცირება გულისხმობს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებას, მისი პროფესიონალიზმისა და ავტორიტეტის ამაღლებას. მიზანი ვერ იქნა მიღწეული. წლების განმავლობაში სერტიფიცირება გადაიქცა პედაგოგთა სადამსჯელო ღონისძიებად და ნაცვლად ავტორიტეტის ამაღლებისა, ემსახურება მასწავლებელთა დისკრედიტაციას. თუ გვყავს არაპროფესიონალი პედაგოგები, მაშინ ისმის კითხვა, როგორ ვაღწევთ წარმატებებს ეროვნულ გამოცდებზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეპეტიტორთა აბსოლიტური უმრავლესობა საჯარო სკოლების მოქმედი მასწავლებლები არიან.”.– ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადების თანახმად, სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები  ღრმა კრიზისს ასახავს, რომელიც  პედაგოგების პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების არსებულ სისტემაში არსებობს.

 

“ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ის, რომ მასწავლებლებს არ გაუვლიათ სისტემატური კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და ბოლო ათი წლის განმავლობაში პედაგოგები არიან საგნობრივი, პროფესიული და საგამოცდო გადამზადების გარეშე დარჩენილნი. ”მასწავლებელთა სახლის” მიერ ჩატარებული ერთჯერადი უორქშოფები, ეპიზოდური და ფრაგმენტული ტრენინგები, რომელიც მიმდინარეობს გამოცდების წინა პერიოდში, არ აღმოჩნდა საკმარისი და ვერ მოგვცა კუმულაციური ეფექტი. სასერტიფიკაციო გადამზადების დაბალი ხარისხის და არაეფექტურობის გარდა, პედაგოგებს შეზღუდული აქვთ თვითმომზადების შესაძლებლობაც. შექმნილია ხარისხიანი, მაგრამ ძალიან მცირე პაკეტი, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამა იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ მისი დაბეჭდვის შემთხვევაში ტომეულები შეიქმნება. შესაბამისად, არც ტრენერების მუშაობა არის სრულყოფილი დიდი მოცულობის მასალის მცირე დროში სწავლების აუცილებლობის გამო”.

 

პედაგოგთა პროფკავშირი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში  რეფორმა ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური კუთხით მიმიდინარეობს, საზოგადოების რეალურად ჩართვის გარეშე. მათი თქმით, არ არის შესწავლილი მასწავლებლის აზრი არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მათი გვერდის ავლით იგეგმება ყველაფერი, რამაც  პედაგოგები  იზოლაციაში და მხარდაჭერის გარეშე დატოვა. 


“პრობლემებია მასწავლებელთა სახლის მიერ განხორციელებული ტრენინგების ორგანიზების თვალსაზრისითაც. საქართველოს მაღალმთიან რაიონებში პედაგოგებს არ გაუვლიათ ტრენინგები. შეუსაბამობაშია ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტები, სასერტიფიკაციო საგამოცდო პროგრამები, გამოცდების ფორმატი, ქულებისა თუ კრედიტების მინიჭების სისტემა და წახალისების ნორმები. საგამოცდო ტესტებში იმდენია საფიქრალი და ამოსახსნელი, რომ მართლაც მომზადებულ მასწავლებელს გამოცდაზე ხუთსაათიანი თავაუღებელი მუშაობა უწევს, ყოველგვარი გადათეთრების შანსის გარეშე”.

 

გარდა ამისა, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სასერტიფიკაციო დებულების თანახმად, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი, თუნდაც არ იყოს მომქმედი მასწავლებელი.  პედაგოგთა პროფკავშირის განცხადებით, კანონის ეს ნორმა შესაცვლელია, რადგან  იძლევა საშუალებას, რომ პედაგოგმა ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდა მისთვის სასურველ საგანში და არა იმ საგანში, რომელშიც მიღებული აქვს საუნივერსიტეტო განათლება და უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით არის განსაზღვრული. მაგალითად, ფიზიკის ან ქიმიის მასწავლებელმა შესაძლებელია მოისურვოს მათემატიკის ჩაბარება და ა.შ.

 

“ზემოაღნიშნული რეალობიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, ,,გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა” და ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა” მშრალი ციფრებით მანიპულირების ნაცვლად გააკეთოს ანალიზი და საზოგადოებას მიაწოდოს შემდეგი დეტალური ინფორმაცია:1) ჩაჭრილი პედაგოგებიდან რამდენია მოქმედი მასწავლებელი და რამდენი მასწავლებლობის მაძიებელი;2) თითოეული საგნის მიხედვით, ჩაჭრილი პედაგოგებიდან რამდენი არის ამ საგნის საუნივერსიტეტო განათლების მქონე მოქმედი მასწავლებელი და რამდენი სხვა საგნის მოქმედი პედაგოგი, თუ მაძიებელი;სისტემა დაუხვეწავია და ნაკლოვანი. ვფიქრობთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გააანალიზოს პრობლემები და შექმნას სრულყოფილი პედაგოგთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოდელი”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *