“ამიტომ მან გააკეთა ეს განცხადება. ერთი მხრივ, ჩემთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო, რომ ტელევიზიით შევიტყვე ეს ინფორმაცია და ელემენტარული პოლიტიკური მორალი და ზნეობა ამბობს, რომ ასეთი თემები ყოველთვის უნდა იყოს გუნდში გარჩეული და, შესაბამისად, მერე იყოს განცხადება გაკეთებული,” – აცხადებს საგანელიძე.
მისივე თქმით, დავითაშვილი დღევანდელი განცხადებით შეეცადა კიდევ უფრო მეტი ქულები დაეწერა, როგორც პოლიტიკოსს:
“ეს მისთვის არ არის უცხო ხილი, შესაბამისად, ამიტომაც არ იყო ალბათ ამაზე წინასწარი კონსულტაციები და მეორეც, მისი ეს ნაბიჯი პირადად ჩემთვის და კოალიციის ბევრი წევრისთვის ნამდვილად არ იყო მოულოდნელი. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, ვინც კობა დავითაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია იცის.”
საგანელიძის განცხადებით, კობა დავითაშვილს განსხვავებული აზრი ყოველთვის ჰქონდა კოალიციაში და პარლამენტშიც ხშირად ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები ჰქონდა, რომელიც უმრავლესობაში შეუთანხმებელი იყო.
“ეს კანონპროექტები არა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას, ქვეყნის წინსვლას, არამედ საზოგადოების მხოლოდ ერთ მცირე ჯგუფთან ქულების მოპოვებას და საკუთარ პოპულიზმს ემსახურებოდა”, – აცხადებს საგანელიძე.
მისივე თქმით, ამის გამო ხშირად არ იმსახურებდა უმრავლესობის მხარდაჭერას კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივები.
საგანელიძე დარწმუნებულია, რომ დავითაშვილის გასვლა არ გამოიწვევს უმრავლესობის შიგნით რღვევას და ეს პირიქით, უფრო მონოლითურს გახდის მას.
კობა დავითაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას და აპირებს კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში.
