დავითაშვილის თქმით, ახალაიას გამამართლებელი განაჩენი, ეს არ არის სასამართლოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის დადასტურება, როგორც ეს საპარლამენტო უმრავლესობამ წარმოაჩინა შეფასებებში.
“მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ახალაიას გამართლება არ არის დემოკრატიის ზეიმი და გამარჯვება. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც ჩვენ შევასრულეთ, საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს ხვალ მოჰყვება მერაბიშვილის გამართლება”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მისთვის მიუღებელი იყო უმრავლესობის ქმედებები შრომის კოდექსთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა საკითხებთან მიმართებაში:
“სისტემატიურ უთანხმოებას ვხედავ ჩვენს შორის, ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას” – განაცხადა დავითაშვილმა, რომელიც, როგორც ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნებზე აპირებს დიამეტრალურად სხვა პროგრამით გამოსვლას.
მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და კოალიციის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის.
ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში კობა დავითაშვილი პიროვნულად იყო ჩართული. “ხალხის პარტია”, რომელიც მან 2007 წელს ჩამოაყალიბა, კოალიციის შემადგენლობაში არ შედიოდა.
რამდენიმე თვის წინ კობა დავითაშვილის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დავითაშვილი გააკრიტიკა:
“დღეს დავითაშვილს დავურეკე და საკმაოდ ვეჩხუბე, რამეთუ უნდა მოახერხოს მან და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები. მუდამ ახერხებს გარედან რაღაც ინფორმაციის შემოტანას. თანაც არაფერს არ ეფუძნება ის, რასაც აკეთებს დავითაშვილი. ძალიან საწყენი იყო, რომ მან ეს გააკეთა. მე მას ავუხსენი, რომ თუ მას გუნდში დარჩენა სურს, რაღაც ანგარიში უნდა გაუწიოს მას. პირველი ინფორმაცია მაინც გუნდში გააჟღეროს და არა გარეთ. ელემენტარული წესები არსებობს ყველაფერში.”
ამის შემდეგ დავითაშვილმაც გააკეთა განმარტებები და აღნიშნა, რომ მას გუნდურობა არ დაურღვევია:
“მოგეხსენებათ, კოალიციციის წევრი არა ვარ, „ხალხის პარტია“ არ არის კოალიციის წევრი, მე ვარ რიგითი დეპუტატი და ვარ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი”, – განაცხადა მაშინ დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ინციდენტის გამო არ დატოვებდა “ქართულ ოცნებას”.
