მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა მისალოც წერილში ილია მეორე სრული ტიტულით მოიხსენია, ხოლო მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა პატრიარქმა – არა.
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დღეს, 25 დეკემბერს, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა. ილია მეორეს მისალოცი წერილები სხვადასხვა რელიგიურმა ლიდერმა გამოუგზავნა, ისინი საზოგადოებას პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გააცნო.
ილია მეორის ტიტული ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.
ბართლომეოსმა თავის მისალოც წერილში ეს ტიტული სრულად დაასახელა, ხოლო კირილემ – არა.
“მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს”, – ასეთია რუსეთის პატრიარქის ფორმულირება.
ამ ფაქტს ფეისბუკზე გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
ის, რომ ილია მეორე ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია, არც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია საქართველოს ეკლესიის თავში.
რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ცხუმ-აფხაზეთის ხელმძღვანელად მიტროპოლიტი დანიელია მითითებული. ილია მეორის ტიტულს ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპარქია 2010 წლიდან დაემატა.
აფხაზეთის ეპარქია ოფიციალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას შემადგენლობაშია, თუმცა პრაქტიკაში ვითარება განსხვავებულია.
აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს აფხაზეთში მხარდაჭერა აქვს და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, რუსეთისგან თუნდაც სასულიერო დამოუკიდებლობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ის ცდილობს კავშირი დაამყაროს მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ასევე არსებობს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ის რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მხარდაჭერას სწორედ მას უცხადებს.
აფხაზეთში მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს და აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საეკლესიო-საერო კრების ჩატარების საკითხზე მუდმივად დავაა.
აფხაზეთში საეკლესიო საკითხზე და კონკრეტულად დაპირისპირებულ მხარეებზე ოფიციალური პოზიცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2015 წლის მაისში დააფიქსირა.
საპატრიარქოს განცხადებით, ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებლი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო. საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის განცხადებით, ის მზად არის, რომ მისი სასულიერო პირები ჩავიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება.