ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა საეკლესიო საკითხზე წაიბორძიკებს

25 მაისი, 2015 • • 1610
ხაჯიმბა საეკლესიო საკითხზე წაიბორძიკებს

ის ყოფილ ჩინოვნიკებს აერთიანებს, რომელთა ქმედებებმაც გამოიწვია გასულ წელს სახალხო ყრილობა, რაც, ცხადია, ამ ოპოზიციის სუსტი მხარეა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი ასეთი ჩინოვნიკის უკან დიდი აფხაზური გვარები დგანან, მაშინ “ამცახარელების” ჩამოწერა არ ღირს. ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს ის, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო უკვე დიდი ხანია ორად იყოფიან აფხაზები და ხაჯიმბისტებს საზოგადოებაში მუდმივი მოწინააღმდეგეები ჰყავს.

 

თუმცა თავად აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც არ აკეთებს ცოტა რამეს, რომ მისმა ოპონენტებმა პოზიციები გაიმყარონ. მის მიერ დაშვებული შეცდომების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და მე სულაც არ ვწერ იმ ჩავარდნებზე, რაზეც ბევრი ისაუბრეს ოპოზიციონერებმა “ამცახარას” ბოლო ყრილობაზე. შეუსრულებელი დაპირებები ცხოვრების დონის გაუმჯობესების, სამუშაო ადგილების გაზრდის შესახებ და ა.შ. – ეს სტანდარტული ნაკრებია იმ საკითხებისა, რის გამოც ოპოზიცია ხელისუფლებას ამხელს. თუმცა, ამას გარდა, ხაჯიმბა სტრატეგიულ შეცდომებსაც უშვებს.

 

მაგალითად, შაბათს, 23 მაისს, მართლმადიდებელმა სამყარომ წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღნიშნა. აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს წარმომადგენლებმა ამ დღეს ღვთისმსახურება ახალი ათონის მთავარ სამონასტრო ტაძარში შეასრულეს, ხოლო სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის (საკუთარ თავს უწოდებენ აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას) სასულიერო პირებმა – წმ. სვიმონ კანანელის ტაძართან. იმის მიუხედავად, რომ წმ. სვიმონ კანანელის ხსენების დღე ახალი ათონის მონასტრის მთავარი დღესასწაულია, ხელისუფლების წარმომადგენლები ხაჯიმბას მეთაურობით იმ ღვთისმსახურებას დაესწრნენ, რომელსაც მამა ბესარიონი (აფხაზეთის მართლმადიებელი ეკლესიის წარმომადგენელი) ხელმძღვანელობდა და არ მივიდნენ ახალი ათონის მონასტერში.

 

აფხაზურ საეკლესიო კონფლიქტში ვინმეს მხარეს დადგომა – ასეთი შეცდომა წინა პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბსაც კი არ დაუშვია (მე კი, შეიძლება ითქვას, მისი შეცდომების სპეციალისტი ვარ).

 

აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო ბევრ ადამიანს აერთიანებს, აფხაზური ინტელიგენციის არსებითი ნაწილი სწორედ მას უჭერს მხარს, იმის მიუხედავად, თუ ვის ბანაკში არიან – ხაჯიმბისტების თუ ანქვაბისტების. გაღრმავებული ინტეგრაციის… უკაცრავად, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სიმბოლოა რუსეთისგან თუნდაც სასულიერო დამოუკიდებლობისა.

 

სიგნალი იმ მღვდლების მხარდასაჭერად, რომლებსაც მღვდელი ბესარიონი ხელმძღვანელობს, ხაჯიმბამ ბოლო დროს არაერთხელ გამოსცა. ყველა მასობრივ ღონისძიებაში მღვდელი პრეზიდენტის გვერდით დგას.

რაულ ხაჯიმბა და მღვდელი ბესარიონი, ფოტო: e-polonskiy.livejournal.com
რაულ ხაჯიმბა და მღვდელი ბესარიონი, ფოტო: e-polonskiy.livejournal.com

აპრილში მოულოდნელად შედგა სამი აფხაზი დეპუტატის აუდიენცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილთან, რომელთანაც განიხილეს აფხაზური მართლმადიდებლობის მომავალი. დეპუტატები მამა ბესარიონის ბანაკს წარმოადგენდნენ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც კიდევ ერთხელ დაატკბეს პუბლიკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქის დაპირებებით, რომ ოდესღაც, მომავალში გადაწყდება აფხაზეთის ეკლესიის საკითხი. ამ კონფერენციის შემდეგ შედგა პრეზიდენტ ხაჯიმბას შეხვედრა აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს არქიმანდრიტ დოროთესთთან (დბართან). მისი შინაარსის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ საუბარი კვლავაც იმაზე იყო, რომ აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს სასულიერო პირები უნდა გაერთიანდნენ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან და დაივიწყონ უთანხმოება. ახალგაზრდა მღვდლები ახალი ათონიდან ამაზე არ დათანხმდნენ, ეს ცხადია და ამის დასტურია პრეზიდენტისადმი საჯარო მიმართვა, რომლითაც არქიმადრიტი დოროთე ამ შაბათს გამოვიდა. მან ღიად (აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს სასულიერო პირები ამჯობინებენ საჯარო პოლიტიკას) განაცხადა, რომ დაუშვებელია ასეთი ცალმხრივი მიდგომა საეკლესიო საკითხის მიმართ.

 

მონასტრის მთავარი ტაძარში ღვთისმსახურების იგნორირების შესახებ არქიმანდრიტმა დაწერა: “თუკი აფხაზეთის მთავრობას სურს აფხაზური სულიერებისა და საკუთარი ხალხის ერთობა – ასე მოქცევა არ შეიძლება! მე უკვე აღარ გავიხსენებ, რომ აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლება სულ რაღაც ოთხი წლის წინ მონაწილეობდა ყველაზე აქტიურად, რომ ჩატარებულიყო საეკლესიო-სახალხო კრება ახალი ათონის მონასტერში, როცა შეიქმნა აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო,” – ნათქვამია განცხადებაში.

არქიმანდრიტი დოროთე, ფოტო: echo.msk.ru
არქიმანდრიტი დოროთე, ფოტო: echo.msk.ru

 

სამიტროპოლიოს შექმნაში ხაჯიმბას მონაწილეობის გახსენება – ეს არის უსერიოზულესი დარტყმა აფხაზი ლიდერის იმიჯზე. წინა პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი ოსტატურად ახდენდა საეკლესიო კონფლიქტისგან დისტანცირებას, ის არ იძლეოდა საბაბს, რომ რომელიმე მხარის მხარდაჭერაში ემხილა ვინმეს. ხაჯიმბას საქციელი კი უპრინციპობისა და თვალთმაქცობის დემონსტრირებას ახდენს.

გასაგებია, რომ რუსეთის ზეწოლა აფხაზეთზე ბოლო წელს სერიოზულად გაძლიერდა. ის ფაქტი, რომ ფული განვითარებისთვის რესპუბლიკას არა და არ მიუღია, მიუთითებს მკაცრ პირობებზე, რასაც რუსეთი სვამს რაულ ხაჯიმბას წინაშე სხვადასხვა საკითხზე. რახან ჯერ ფული არ არის, ის ეწინააღმდეგება. დღეს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, კონკრეტულად რაში მოუხდება აფხაზეთს დათმობა. თუმცა არ ღირს პოზიციების დათმობა ისეთ პრინციპულ საკითხში, როგორიც საეკლესიო თემაა.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი