ახალი ამბებისამართალიხელოვნება

არშემდგარი ძველი ბიჭები გვყავს პოლიციაში – მწერლების მიმართვა საზოგადოებას და ხელისუფლებას

24 დეკემბერი, 2017 • 6569
არშემდგარი ძველი ბიჭები გვყავს პოლიციაში – მწერლების მიმართვა საზოგადოებას და ხელისუფლებას

დღეს, 24 დეკემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეტ ზვიად რატიანის ცემასა და დაკავებასთან დაკავშირებით მისმა კოლეგებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. პირველ რიგში, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უპასუხეს, რომელიც ბრიფინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარდა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, მათ აქვთ აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო-მასალა, მაგრამ ამ დროისთვის არ მიიჩნევენ სწორად, საჯაროდ გამოიტანონ “უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი”. მისი თქმით, ვიდეო-მასალიდან ჩანს, რომ ნასვამი ზვიად რატიანი ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.

[red_box]მწერლების მიმართვა საზოგადოებას და ხელისუფლებას[/red_box]

მწერალი ლაშა ბუღაძე აცხადებს, რომ შსს-ს ეს განცხადება არის ბრიყვული იმის ფონზე, თუ როგორ აწამეს და როგორ იძალადეს პოეტ ზვიად რატიანზე.

“სრულიად გაუგონარი ფაქტი მოხდა. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ მას ვიცნობთ, ის ცნობილია საზოგადოებისათვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რას უზამდნენ უცნობ მოქალაქეს; კაცმა არ იცის, სად შეიძლება ყოფილიყო ჩაგდებული ის ახლა… როგორ დაჩაგრავდნენ და რას საქმეებს შეუკერავდნენ, წარმოდგენაც კი არ არის საჭირო,” – ამბობს ლაშა ბუღაძე.

ლაშა ბუღაძე მოითხოვს, რომ ის 7-8 პოლიციელი, რომლებმაც იძალადეს ზვიად რატიანზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უჩვენოს საზოგადოებას, რადგან იცოდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ვის უნდა მოერიდონ:

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს მოძალადეები იმიტომ, რომ ძალადობა არ არის აბსტრაქტული ცნება; მუდმივად რაღაც აბსტრაქციებზე ვალაპარაკობთ და როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, პოლიციელი ძალადობს, ეს არის დანაშაული ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სახეებზე, ვინ არიან ეს მოძალადეები, თორემ ისინი განაგრძობენ ძალადობას, როგორც ხდებოდა აქამდე საქართველოში.”

მწერლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ნუ აშანტაჟებს ზვიად რატიანს ჩანაწერების გამოქვეყნებით. ლაშა ბუღაძე შსს-ს ურჩევს, რომ საზოგადოებას წარუდგინონ ის ჩანაწერები, თუ რას უშვრებოდნენ ზვიად რატიანს და როგორ ძალადობდნენ მასზე. ბუღაძე ამბობს, რომ ეს არის დანაშაული, რომელიც საჭიროებს მკაცრ რეაგირებას.

რატი ამაღლობელი აცხადებს, რომ ზვიად რატიანის საქმე უნდა იქცეს აქამდე საშინლად დაჩაგრული ყველა მოქალაქის გამამხნევებელ მაგალითად იმისთვის, რომ მომავალში აღარ დაიჩაგრონ ადამიანები ქუჩაში გამოსული მოძალადეების მიერ.

“ამ ამბავს ბოლომდე ჩავყვებით იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის დაცვა – ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როდესაც დაკავების შემდგომ მშვიდობიანი მოქალაქე 4 საათის განმავლობაში მორალური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის ქვეშ იყო. ამის წინააღმდეგ გამოვდივართ. დროა, მეგობრებო, დაივიწყოთ საბჭოთა მილიციის სტალინური მეთოდები! გარეთ არის 21-ე საუკუნე და სხვანაირად უნდა ებრძოლოთ კრიმინალს, სადაც მთელი საზოგადოება დაგიდგებათ გვერდში. ამ სადისტური ფორმებით და სადისტური მეთოდებით…

დარწმუნებული ვარ, ეს ის ხალხია, ვინც წლების განმავლობაში უდებდა ხან იარაღს, ხან ნარკოტიკს და ა.შ. პოლიტიკური თუ სხვა მიზნებით. ზვიად რატიანი არის უმოწყალოდ ნაცემი და მისი მდგომარეობა არის მძიმე. ჩვენ, ქართველი მწერლები, ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში გამოსული მოძალადეებისგან, რომელსაც ზურგს უმაგრებს სახელმწიფო,” – ამბობს რატი ამაღლობელი.

პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე და ფილოლოგი გიორგი ლობჟანიძე აცხადებს, ზვიად რატიანს უმძიმესი ფორმის ტვინის შერყევა აქვს, რადგან პოლიციის მიერ უმოწყალოდ არის ნაცემი:

“ამის ფონზე გვეუბნებიან, რომ თურმე ზვიად რატიანი იგინებოდა. თვითონ ზვიადის ნაამბობიდან ვიცით, ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მასთან მიდის 4, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი და ეუბნება, თუ რატომ გაცვიათ ნარინჯისფერი ქურთუკი. წითელი შარვალი დღეს სპეციალურად ჩავიცვი. ჩვენ დღეს არ გვყავს ზნეობრივი პოლიცია და არავის საქმე არ არის იმის გაკონტროლება, ვის რა აცვია.

რაც არ უნდა გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლა, როდესაც ხელს დაგარტყამენ, რაღაცით თავს დაიცავ. ეს არის ბუნებრივი რეაქცია და ნებისმიერი ადამიანი ასე მოიქცევა. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სრულად უნდა გასაჯაროვდეს ეს კადრები. სწორად ითქვა აქ – წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდება რიგითი, უცნობი მოქალაქე ამ პოლიციის და ასეთი მიდგომის ხელში. ზვიადის ეს შემთხვევა უნდა გახდეს ბიძგი იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქე,” – ამბობს ლობჟანიძე.

გიორგი ლობჟანიძის თქმით, იმდენად დააშინა თვითონ ამ “რეიდებმა” საზოგადოება, რომ უკვე საპოლიციო კონტროლის დანიშნულებაც აღარ ესმის: “შვილი ვეღარ გამიშვია სკოლაში!”

პროზაიკოსი და პოეტი შოთა იათაშვილი ყურადღებას ამახვილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპოლიციო კონტროლის დროს 127 პირის დაკავების საქმეზე. იათაშვილი ვარაუდობს, რომ ამის ნახევარი იქნება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

“ეს შემთხვევა გვეუბნება იმას, რომ პროკურატურამ და საერთოდ მთელმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად უნდა გამოიკვლიოს. მარტო ზვიად რატიანის საქმით ეს არ უნდა დამთავრდეს. გამოვიკვლიოთ, თუ რატომ ჩასვეს ეს ადამიანები ციხეში, რაც იქნება სწორი გზა იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტები არ მოხდეს. ზვიად რატიანი რომ არ ყოფილიყო ცნობილი პოეტი და ის არ გაელახათ, შეიძლებოდა დღევანდელ დღეს ისე ჩაევლო, ხვალაც და ზეგაც გაგრძელებულიყო “რეიდები” და არ მოჰყოლოდა ზუსტი, სწრაფი რეაგირება ამას. მარტო ამ საქმით არ უნდა დამთავრდეს ჩვენი ინტერესები; ყველას საქმეს ჩავხედოთ – რა ხდება და რატომ დაიჭირეს ეს ადამიანები?…”

მწერალი დათო ტურაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციის მხრიდან “რეიდების” დროს ძალადობაზე საუბრობენ:

“შეიძლება ახალი თაობის ადამიანებს აღარ გახსოვდეთ, მაგრამ ძველ თაობას ძალიან კარგად ახსოვს – პოსტსაბჭოთა პერიოდში იყო მინისტრი კვირაია, რომელიც კვირაში რამდენიმე “რეიდს” ატარებდა; 1%-ით არ გაუმჯობესებულა კრიმინოგენული ვითარება საქართველოში მაშინ იმიტომ, რომ სინამდვილეში კრიმინალთან ბრძოლას სჭირდება არა “რეიდები”, არამედ – განათლება და ლოგიკა. “რეიდს” არ შეუძლია რეალური სურათის შეცვლა ჩვენს ქვეყანაში.”

როგორც ტურაშვილი აცხადებს, ფაქტია, რომ დღეს პოლიციაში არის უამრავი არაპროფესიონალი, არაკვალიფიციური და სრულიად გაუნათლებელი ადამიანი, რომლებმაც არ იციან, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები.

“არშემდგარი ძველი ბიჭები გვყავს პოლიციაში, რომლებიც თოფსაც იღებენ იმის გამო, რომ ვიღაცა დაჩაგრონ და შეურაცხყოფა მიაყენონ. ამის მსხვერპლი არის კონკრეტულად ზვიად რატიანი. სინამდვილეში, ზვიად რატიანს სცემეს იმის გამო, რომ მოეჩვენათ, ადვილად დასაჩაგრი ადამიანის გემოვნების ფერის ქურთუკი ეცვა. რეალურად, ეს ასეა. ცუდი პოეტი იქნება თუ კარგი, ზეინკალი, მოჭადრაკე თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი – ნებისმიერი მოქალაქის უფლებები უნდა დავიცვათ. ეს რეაქცია უნდა გვქონდეს არა მხოლოდ ზვიად რატიანის შემთხვევაში.

კატეგორიულად მიუღებელია, 2-ე1 საუკუნეში ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პოლიცია სანადიროდ ჰყავთ გამოშვებული. ჩვენ გვეგონა და დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს ჩავაბარეთ წარსულს. სამწუხაროდ, მერამდენედ, ხელისუფლება გამოვიცვალეთ და ვერ მოვახერხეთ, რომ ხელისუფლებაში აღმოჩნდეს იმდენი ჭკვიანი ადამიანი, რომ მიიღონ ეს გადაწყვეტილება – გაემიჯნონ ამ საბჭოურ წარსულს.

კრიმინალთან ბრძოლას კრიმინალური გზებით არ მოაქვს არანაირი შედეგი. როცა პოლიციელი არის ძველი ბიჭი და არშემდგარი, ეს არის სახელმწიფოსთვის საშიში. ამიტომ მინდა, რომ ეს შემთხვევა აღმოჩნდეს გარდამტეხი. ცოტა მეტი გონიერებით მივუდგეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. გამორიცხულია, რომ შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფო იქ, სადაც ადამიანი იჩაგრება. შეუძლებელია, ჩვენ ამას შევეგუოთ. სრულიად ფუჭია მცდელობა ხელისუფლების ახლა, რომ გვაჩვენონ ფირები, სადაც ზვიად რატიანი იგინება. დიახ! ამ ქვეყანაში ყველა იგინება, მათ შორის, ზვიად რატიანიც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ რამდენიმე პოლიციელმა სასტიკად სცემოს ის ან ნებისმიერი სხვა მოქალაქე.

პოლიციელსაც, პრემიერსაც და ყველა სახელმწიფო მოხელეს გააჩნია ჩვენზე, რიგით მოქალაქეებზე მეტი თმენის აუცილებლობა. ზვიად რატიანი იქნება თუ სხვა მოქალაქე, მას სამართლიანად უნდა მოექცეს ხელისუფლება – ეს არის სახელმწიფო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივდივართ ანგარიშსწორებასთან და საშინელ პრობლემასთან, რომელიც გვეგონა, რომ იყო უკვე წარსულში. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნუ შემოგვთავაზებენ ისეთი ტიპის ბრიფინგებს, რაც მოვისმინეთ – ეს არ არის გამოსავალი. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენთვის, თითქოს კრეტინები ვიყოთ და ვერ ვხვდებოდეთ ან არ ვიცოდეთ, რაში იყო სინამდვილეში საქმე.

ნუ ჩათვლით, რომ სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა შეიძლება რომელიმე პოლიციელის საკითხი იდგეს, პირიქით – ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები დავაყენოთ ყველაზე მაღლა. ყველა სფეროში არიან არაკვალიფიციური ადამიანები. ამიტომ ეს მცდელობა შსს-ს მხრიდან არის არასწორი და მიუღებელი. იმედია, დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ ამ კონფრონტაციას არ მოჰყვება მათთვის კარგი შედეგი, პირველ რიგში,” – განაცხადა დათო ტურაშვილმა მწერლების ბრიფინგზე.

[red_box]რას ყვება ზვიად რატიანი[/red_box]

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება, ზვიად რატიანი კი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ მას არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა.

“რამდენიმე პოლიციელი მირტყამდა ერთდროულად. მიზეზში გარკვევაც ვერ მოვასწარი. ერთადერთი, რაც ახსენეს, ჩემი ქურთუკის ფერი [ნარინჯისფერი] იყო, რომელიც მათი მოსაწონი არ გამოდგა. დანარჩენი არაფერი ვიცი. მანქანაში მცემდნენ. 7 ან 8 პოლიციელი მაინც იყო. რომელი აქტიურად მონაწილეობდა და რომელი არა, მაგრამ ცნობით ვიცნობ სახეზე ყველას. მე მგონი, თვითონაც არ გაუჭირდებოდათ ჩემი ამოცნობა,” – განუცხადა ნეტგაზეთს ზვიად რატიანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.

რატიანის თქმით, მთელ სხეულზე, მათ შორის სახეშიც, ათზე მეტი დაზიანება აღენიშნება, რაც დროებით მოთავსების იზოლატორში დააფიქსირეს. როგორც პოეტი ამბობს, პოლიციელები ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას და აცხადებენ, რომ ეს დაზიანებები დაკავებამდე ჰქონდა მიყენებული.

“ხვალ დილით იქნება სასამართლო და ვნახოთ…”

[red_box]საპოლიციო კონტროლი[/red_box]

პოეტ ზვიად რატიანის გარდა, გენერალური ინსპექცია კიდევ რამდენიმე მსგავს ფაქტზე იკვლევს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, მათ შორის არის 31 წლის თინათინ შენგელიას საქმეც. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. თინათინ შენგელიას მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 127 პირი დააკავეს.

შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამსახურეობრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი