ახალი ამბები

ილია მეორე: რუსეთი ძალიან მიყვარს, სტალინი მორწმუნე იყო

31 ივლისი, 2013 • 28261
ილია მეორე: რუსეთი ძალიან მიყვარს, სტალინი მორწმუნე იყო

პატრიარქის განცხადებით, სტალინი ერთდროულად იყო ქართველიც და რუსიც:
“მან შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერები, საგალობლები. როდესაც ის გარდაიცვალა, მე სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. და ჩვენ ყველანი ვიდექით სააქტო დარბაზში და ვტიროდით, როდესაც მას ასაფლავებდნენ.

სტალინის პიროვნებაზე ჩვენ ბევრს გვიამბობდა ჩვენი რექტორი კონსტანტინ რუჟიცკი, რაც მას გაგებული ჰქონდა უწმინდესი პატრიარქი ალექსი პირველისგან. ალექსი I, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, დიდ კულტურითა და სულიერებით. ის ძალიან აფასებდა და უყვარდა სტალინი.

ერთხელ, როდესაც სტალინმა ის მიიღო, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მიმართა მათ: “რაში გჭირდებათ დახმარება?” და მათ უპასუხეს, რომ მადლობელი იყვნენ იმისთვის, რომ მან ნება დართო გაეხსნათ ტაძრები. მან კი უპასუხა: “არა, ეს საკმარისი არ არის. გახსენით სასულიერო სემინარიები და აკადემიები”. ეს თვითონ მან თქვა. ის ხომ თავად იყო სემინარიელი. მან იცოდა სასულიერო განათლების ფასი”, – განაცხადა ილია მეორემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გააკეთა სტალინმა საქართველოსთვის, საქართველოს პატრიარქი პასუხობს:

“ის ყველასთვის ერთნაირი იყო, ყველას ერთნაირად ექცეოდა. ის საქართველოს განსაკუთრებულად არ გამოარჩევდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა. ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში”.

“კავკაზსკაია პოლიტიკასთან” ინტერვიუში ილია მეორე, ასევე, შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხს:

“მე არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, მე უბრალოდ ჩემს აზრს გამოვხატავ ყოველთვის – არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ იმ სირთულეებზე, რაც წარმოიქმნა საქართველოსა და რუსეთს შორის.”

პატრიარქის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და ამ საკითხებზე გამართონ მოლაპარაკებები:

“საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნაა. საქართველოს დაქუცმაცება არ შეიძლევა. ამას ღვთისმშობელი არ დაუშვებს. ეს ძალიან დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე. აფხაზეთის და ცხინვალი – ეს საქართველოს ძირეული ტერიტორიებია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ხალხი, რუსები და ქართველები, აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს ამ რთული სიტუაციიდან”.

ილია მეორე აცხადებს, რომ მას ძალიან უყვარს რუსეთი: “მე რუსეთში მივიღე განათლება – ზაგორსკში დავამთავრე სასულიერო სემინარია და აკადემია”.

პატრიარქის თქმით, საქართველოსა და რუსეთს არა მხოლოდ მართლმადიდებლობა და რელიგია აერთიანებს, არამედ – კულტურა: “საქართველოს ძალიან უყვარს რუსეთის კულტურა. ქართველებს ძალიან უყვართ და კითხულობენ რუსეთის ლიტერატურასა და ფილისოფიას”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, ილია მეორეს ხელმძღვანელობით გასულ კვირაში იმყოფებოდა რუსეთში ოფიციალური ვიზიტით. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა რუსეთის პატრიარქსა და რუსეთის პრეზიდენტს. ილია მეორე საქართველოში 30 ივლისს დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი