ახალი ამბები

აშშ იერუსალიმის საკითხზე პოზიციის გამო საქართველოს მადლობელია

22 დეკემბერი, 2017 • 3018
აშშ იერუსალიმის საკითხზე პოზიციის გამო საქართველოს მადლობელია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაეროში 65-მდე ქვეყანას და მათ შორის საქართველოს მადლობას უხდის გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაამტკიცა ვაშინგტონისთვის მიუღებელი რეზოლუცია, რომელიც ეწინაარმდეგება ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის აღიარების შესახებ. რეზოლუცის მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა, 9 ქვეყანამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.  საქართველოს ამ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა განცხადება, რომ აშშ აფასებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც კენჭისყრაში აშშ-ის გადაწყვეტილების მხარდასაჭერი პოზიცია დააფიქსირეს, თავი შეიაკვეს ან საერთოდ უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია საქართველოც.

“ჩვენ როგორც ვნახეთ, შედეგების შესაბამისად, საკმაოდ გაიყო პოზიციები. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. ევროკავშირის პოზიციაც ამ შემთხვევაში არ იყო ერთიანი. ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაციები პარტნიორებთან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვებში მონაწილეობა, შესაბამისად, კენჭისყრაშიც” – თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “რუსთავი 2”-თან საკითხის კომენტირებისას.

აღნიშნული რეზოლუცია გაერთინებული ერების ორგანიზაციამ მას შემდეგ მოამზადა, რაც 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის განკარგულება გასცა.

რაც შეეხება გაერთიანებული ერების გამოხმაურებას, უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის განცხადების განხილვის შემდეგ გაეროს 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც პირდაპირ არ ახსენებდა აშშ-ს, თუმცა გამოხატავდა “ღრმა მწუხარებას იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”, აშშ-მა კი რეზოლუციას ვეტო დაადო. სხდომაზე ნიკი ჰეილიმ განაცხადა: “ის, რაც ჩვენ უსაფრთოხების საბჭოზე ვიხილეთ, არის აშშ-ის შეურაცხყოფა. ამას ჩვენ არ დავივიწყებთ.”

აშშ-ის პრეზიდენტი დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა ყველა იმ ქვეყანას, რომელიც იერუსალიმის საკითხზე გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერდა.

თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აღარ მისცემს საშუალებას ქვეყნებს, აშშ-ის დახმარებით ისარგებლონ მაშინ, როდესაც ისინი აშშ-ის წინააღმდეგ აძლევენ ხმას.

“ისინი იღებენ მილიონობით და ზოგჯერ მილიარდობით დოლარსაც კი და შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ხმის მიცემას. დაე, მისცენ ხმა ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ ამით ბევრს დავზოგავთ, ჩვენ ეს არ გვადარდებს. აშშ-ის მოსახლეობა, რომელსაც ძალიან უყვარს ეს ქვეყანა, უკვე დაიღალა იმით, რომ აშშ-ის კეთილგანწყობით სარგებლობენ. მე ამას აღარ დავუშვებ “ -განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი