ახალი ამბები

არგენტინა აცხადებს, რომ ღაზაში ძალადობის გამო ისრაელთან ამხანაგურ მატჩი გააუქმა

6 ივნისი, 2018 • 4379
არგენტინა აცხადებს, რომ ღაზაში ძალადობის გამო ისრაელთან ამხანაგურ მატჩი გააუქმა

არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ისრაელთან ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბრიტანული მედია წერს, რომ ამის მიზეზად არგენტინული მხარე ისრაელის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს ასახელებს. მატჩის გაუქმების შესახებ ინფორმაცია არგენტინაში ისრაელის საელჩომაც დაადასტურა.

ისრაელთან ამხანაგური შეხვედრა არგენტინის ნაკრებისთვის რუსეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო მატჩი უნდა ყოფილიყო. შეხვედრა იერუსალიმის დასავლეთ ნაწილში მდებარე სტადიონზე იყო დაგეგმილი.

არგენტინის ნაკრების ამ გადაწყვეტილებას ღაზაში სიხარულით შეხვდნენ, თუმცა ისრაელის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანაიჰუ არგენტინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და შეეცადა “ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები მატჩის ჩატარების თხოვნით აღედგინა”. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ სამწუხაროდ, არგენტინამ ისრაელის მოძულეთა ზეწოლას ვერ გაუძლო:

“ჩვენ უკან არ დავიხევთ ანტისემიტი ტერორიზმის მხარდამჭერების წინაშე” – დაწერა საკუთარ “ტვიტერ” გვერდზე ავიგდორ ლიბერმანმა.

პალესტინელების საპროტესტო გამოსვლები ისრაელის სტატუსსა და საზღვრებს უკავშირდება. პალესტინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელ ორ თვეში ისრაელის ჯარებმა პალესტინის 100-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს, 10 000-მა კი სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

პალესტინელთა ბრალდებების საპასუხოდ, ისრაელი აცხადებდა, რომ სნაიპერებმა ცეცხლი თადაცვისთვის გახსნეს. პროტესტი კი ჰამასის მილიტარისტული დაჯგუფებების მიერ იყო მართული და პროტესტის ფონზე ტერორისტები ისრაელის საზღვარზე შეღწევას ცდილობდნენ.

იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის ამ დრომდე დაპირისპირების საკითხია. პალესტინელები მიიჩნევენ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი “მომავალი სახელმწიფოს” დედაქალაქი იქნება. ბოლო ჩანაწერები იერუსალიმის სტატუსის შესახებ 1993 წლით თარიღდება. ქალაქის სტატუსი ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო. ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე საერთაშორისოდ აღიარებული არასდროს ყოფილა. ამ დრომდე სახელმწიფოებს თავიანთი საელჩოები თელავივში ჰქონდათ.

თუმცა გასული წლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა და აშშ-ის საელჩო თელავივიდან ისრაელში გადაიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი