ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაც ქუთაისში იგეგმება, სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მან განათლების სისტემის საჭიროებებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლების ბიუჯეტებში აღნიშნული სფეროსთვის შესაბამისი ფინანსები იქნება გამოყოფილი.
“მინდა დავაზუსტო, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების პირველი მიღება იქნება 2019 წელს, 2019 წლის სექტემბერში. რაც შეეხება დაფინანსების მოდელს, ზოგადად, ფინანსების ზრდას განათლების სისტემაში, ეს, რა თქმა უნდა, არის აუცილებელი. მოგეხსენებათ, განათლება არის ხუთპუნქტიანი გეგმის მთავარი პრიორიტეტი, შესაბამისად, ის პრიორიტეტები, რაც ჩვენ ამ კუთხით გვაქვს, მოითხოვს ფინანსების ზრდას და დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდგომი წლების ბიუჯეტები სრულად ასახავენ იმ მოთხოვნებს, რაც განათლების სისტემაში გაგვაჩნია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მეგობარი ქვეყნების დახმარებას, რომელიც მათ უკვე აღგვითქვეს”, – აღნიშნა ჩხენკელმა.
2016 წლის სექტემბერში “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის გარეუბანში, რიონჰესის დასახლებასთან, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დააანონსა. 2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არ იყო და მხოლოდ ტექნიკის განსათავსებელი ადგილი მზადდებოდა. იხილეთ ვიდეო, რომელიც “ნეტგაზეთმა” მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს გადაიღო.