ახალი ამბები

ცაგარეიშვილი: კუს ტბა არის თბილისელების

30 ივლისი, 2013 • • 912
ცაგარეიშვილი: კუს ტბა არის თბილისელების

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 31 ივლისს სხვა დეპუტატებთან ერთად მოინახულებს აღნიშნულ ტერიტორიას. მისივე თქმით, ასეთმა საქმეებმა ტენდეციის სახე მიიღო:

 

“ახლა, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ვაკის რაიონში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არის საკმაოდ დაძაბული ვითარება, იქ საფრთხე ემუქრება უნიკალურ პარკს, მწვანე ნარგავებს, რომლებიც იქ არის განლაგებული, საფრთხე ექმურება იმ უბანს და საფრთხე ემუქრება მთელ თბილისს. კუს ტბა არ არის მხოლოდ ვაკელების, კუს ტბა არის თბილისელების. თბილისში არის გასხვისებული უამრავი ტერიტორია ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით რეკრეაციულ ზონებში. მე ხვალვე დავბრუნდები ქალაქში აუცილებლად, ჩემს კოლეგებთან ერთად აუცილებლად ვნახავ ამ ადგილს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამან მიიღო ტენდეციის სახე. უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე 3 ამგვარი შემთხვევა მოხდა, ერთი -ასათიანის ქუჩაზე, ერთი- აბაშიძის, ახლა- კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე დავადგინე, ვისზეა გასხვისებული, რამდენ ლარად, როგორ არის გადაფორმებული შემდეგ ეს ქონება, ვინ დგას ამ ე.წ. ბიზნესჯგუფის უკან. ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. შემიძლია გითხრათ – 2011 წლის ზაფხულშია ეს განხორციელებული,”- ამბობს ცაგარეიშვილი.

 

ცაგარეიშვილმა სახალხო დამცველს მსგავსი საკითხების მოგვარების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სექტემბერში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება მსგავსი შემთხვევების გამოსარიცხად: 

 

“ჩვენ ვაპირებთ, და ეს ფაქტიურად შეთანხმებულია,- სექტემბერში განვახორციელოთ შესაბამისი ცვლილებები. ვინც არ უნდა ილაპარაკოს და რა თემაზეც არ უნდა ისაუბროს შემდეგ ჩვენმა ოპონენტებმა, რომ თურმე იქ კნინდება მერიის უფლებები თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, მე ეს ნაკლებად მაღელვებს, სიმართლე გითხრათ. იმიტომ, რომ მთავარია ადამიანი. მთავარია მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა და არა რომელიმე თვითმმართველის უფლება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი