ახალი ამბები

ხიდაშელი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

30 ივლისი, 2013 • • 982
ხიდაშელი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

საპარლამენტო  უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ამტკიცებს, რომ  კომისიის მიერ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილებების დისკრიმინაციულ და არაპროპორციულ გამოყენებას:

 

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის თანახმად, კომისიას აქვს უფლება და ვალდებულება მონიტორინგი განახორციელოს ტელევიზიების მიერ საავტორო უფლებების დაცვაზე, რაც კომისიის მხრიდან არც  ერთხელ გამოყენებული არ ყოფილა. ამასთან, “ეროვნული კომუნიკაციების შესახებ” კანონით – საკაბელოებთან მიმართებაში მას ასეთი უფლება არა აქვს, მაგრამ ასეთ უფლებას იყენებდა. ამის გამოყენება კი დაიწყო მას შემდეგ, რაც მისთვის აქტუალური გახდა GMG-ის ლობირება. პრაქტიკულად ყველა პატარა საკაბელო კომპანიას ექმნებოდა პრობლემა და მათ 20-30 ათასი ლარის ოდენობის სანქციებს ადებდნენ, რათა ბაზრიდან გაეძევებინათ და GMG  მთავარ მონოპოლიურ მდგომარეობაში ყოფილიყო. ასევე ჩვენ ვნახეთ ძალადობის ფაქტები, როცა კომპანიასთან მარტივი გასაუბრება არ იყო საკმარისი და ადამიანების სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა. მაგალითად, შპს “მადის” ხელმძღვანელი იმის გამო დააპატიმრეს, რომ არ დათანხმდა ლიცენზიის GMG-სთვის გადაცემას და გაუშვეს მას შემდეგ, რაც მისგან ასეთი თანხმობა მიიღეს. მან საკმაოდ წარმატებული ბიზნესი, როცა 3 ათასი აბონენტი ჰყავდა, უსასყიდლოდ GMG-ის გადასცა.”

 

მისივე განცვხადებით,  იკვეთება პრობლემები, რომელიც წარმოეშვათ საკაბელო კომპანიებს, რათა ამოეღოთ “მაესტრო” პაკეტიდან:

 

“გარდა ამისა, 2008 წელს, როცა “მაესტრო” ლიცენზიის მოდიფიკაციას ითხოვდა, კომისიამ დასკვანში დაწერა, რომ “მაესტროს” უნდა ეთქვას უარი იმის გამო, რომ არ არსებობდა კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, თუ რა ტიპის ინტერესები ჰქონდა მოსახლეობას. შემდეგ კომისიამ შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას მთელი სამი წელი მოანდომა. სამი წლის განმავლობაში პრაქტიკულად აკრძალული იყო ნებისმიერი ტიპის ლიცენზიის გაცემა, რითაც ხელოვნურად შეიზღუდა ამ მიმართულებით მეწარმეობის განვითარება და ამ სფეროში ახალი მოთამაშეების დაშვებას შეუშალა ხელი.”

 

ხიდაშელის თქმით, სახეზეა კომისიის წევრების ინტერეთა კონფლიქტის არსებობის პრობლემაც, რაც პროკურატურამ უნდა შეისწავლოს:

 

“ბატონი ირაკლი ჩიქოვანი სარეკლამო ბიზნესის პატრონი იყო. სამართლებრივად ამას ჰქვია ის, რომ წილი ჰქონდა მთავარ სარეკლამო კომპანიაში, რომელსაც სარეკლამო ბაზრის 90% ეკუთვნოდა. “რუსთავი2”- სა და “იმედის” შემთხვევაში მუდმივად ხდებოდა სარეკლამო კანონების, დადგენილი ლიმიტების დარღვევა და ამაზე არავინ რეაგირებდა, რადგან ეს მისი ინტერესი იყო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი