საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის წევრებმა სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უკვე მოუსმინეს. ამჟამად საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ სახალხო დამცველის ანგარიშს “ნაციონალური ჯოჯოხეთი” უწოდა და ნანუაშვილს შემდეგი კითხვით მიმართა:

 

“ეს არის 771- გვერდიანი “ნაციონალური ჯოჯოხეთი”. ძალიან დიდი ბოდიში, ცოტა მწვავე შეფასება თუ გამომდის, მაგრამ ამ ორი ტომის წაკითხვის შემდეგ მე ეს შთაბეჭდილება მრჩება. მე არ მინდა, როდესმე ეს ჯოჯოხეთი ჩვენს ქვეყანაში განმეორდეს, ამიტომ მაინტერესებს, ბრალდებულ ივანე მერაბიშვილს და ბაჩანა ახალაიას, თენგიზ გუნავას და სხვებს, რომლებიც არიან გისოსებს მიღმა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, აქვთ თუ არა საბანი, ლეიბი, საწოლი და ბალიში? აიძულებენ თუ არა, ისაუბრონ ჩურჩულით? ხომ არ უკრძალავენ სიცილს, ან რადიოს მოსმენას? აიძულებენ თუ არა, შეჭამონ ფურცელი საკუთარი ჩვენებით? აიძულებენ თუ არა, ჩაიცვან სველი ტანსაცმელი? აიძულებენ თუ არა, ეძინოთ რიგრიგობით? აიძულებენ თუ არა, მისცენ ჩვენება საკუთარი თავის და სხვათა წინააღმდეგ? აყურებინებენ თუ არა სექსუალური ძალადობის სცენებს, ხომ არ გახდნენ ისინი, ძალიან დიდი ბოდიში საზოგადოებასთან, მაგრამ  ცოცხით, დუბინკით, ან რაიმე სხვა საშუალებით გაუპატიურების მსხვერპლები? აიძულებენ თუ, არა, თავზე ხელებდაწყობილებმა იარონ მუხლებზე, ბეტონის იატაკზე, ან თავი ურტყან ბეტონის იატაკს? აი, ეს არის ის პრაქტიკა წამების, რომელიც არის გადმოცემული, სამწუხაროდ, ამ 771- გვერდიან ანგარიშში და კიდევ მეტია ალბათ, “ნაცისტურ გერმანიას”  შეშურდებოდა. მე მაინტერესებს, რა მდგომარეობაში არიან დღეს ეს ადამიანები და არის თუ არა დაცული მათი უფლებები?”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *