საპარლამენტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბენრატორი თენგიზ გუნავას წვლილი სახელმწფოს შენებაში დიდია:
“იმ გმირობის მაგალითებზე, რომელიც ჩადენილი იყო მისი მხირიდან, ახლა შეიძლება საუბარიც ზედმეტი იყოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა ვალი ქვეყნის წინაშე მოიხადა 2008 წელს. მანამდეც, როდესაც ის ნარკომანიას ებრძოდა ქვეყანაში და ცინიზმი იყო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როდესაც 2013 წლის ნოემბერში მას აკავებდნენ ნარკოტიკების შენახვისთვის და მოხმარებისთვის და სწორედ ამიტომ, მაშინვე დადასტურდა ის ფაქტი, რომ არანაირი ნარკოტიკის მოხმარებას, შენახვას გუნავას მხრიდან ადგილი არ ჰქონია.”
კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გუნავას შეწყალებაზე აბსოლუტურად სწორი იქნება:
“ჩემთვის ეს არის ის გადაწყვეტილება, რომლითაც ჩემს მეგობარ თენგიზ გუნავასთან ერთად მექნება საშუალება, კიდევ გავაგრძელო ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისთვის და იმისათვის, რომ ქვეყნის მომავალი დაკავშირებული იყოს თავისუფლებასთან და ერთიანობასთან. “
საქართველოს პრეზიდენტმა მიეხილ სააკაშვილმა დღეს, 29 ივლისს, განაცხადა, რომ ის აპირებს შეიწყალოს სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბენრატორი თენგიზ გუნავა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართომ რამდენიმე დღის წინ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
“გუბერნატორი გუნავა, ყველამ კარგად იცის, რისთვის არის დაპატიმრებული. მას ჯერ ღიად, ყველას თვალწინ შეუგდეს ნარკოტიკი და იარაღი, აღიარეს, რომ შეუგდეს ნარკოტიკი და იარაღი. ის პოლიციელი ვინც ეს გაკეთა, გააგდეს სამსახურიდან, ოღონდ მერე აღადგინეს ჩუმად. შემდეგ წაუყენეს მეორე ბრალდება, რომელშიც არაფერი არ გამოუვიდათ. შემდეგ წაუყენეს ბრალდება, რომ ოპერატიული მიზნებისთვის განკუთვნილი თანხების ხარჯვაში ფინანსური დარღვევები იყო. ვინც იცნობს თენგიზ გუნავას, ძალიან კარგად იცის, როგორ ღარიბულად და მოკრძალებულად ცხოვრობს ეს კაცი. ეს არის ადამიანი , რომელმაც აგვისტოს ომის დროს განადგურებას გადაარჩინა ასეულობით მილიონი ლარის ქონება სენაკის სამხედრო ბაზაზე და საქართველოს სანაპირო თავდაცვა, მან ქართული გემები ფოთიდან გაიყვანა სიცოცხლის რისკის ფასად, როცა რუსები აპირებდნენ მათ აფეთქებას.
ის იდეალისტები, რომლებიც აშენებდნენ ქართულ სახელმწიფოს და ისჯებიან მხოლოდ იმისათვის, რომ არაფერი სახლში არ წაუღიათ და მუშაობდნენ ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად. რა თქმა უნდა, გუნავას ციხიდან გამოვუშვებ, რა თქმა უნდა, გუნავას შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ. ის რამდენიმე დღე, რომელიც მან საპყრობილეში გაატარა, მათ სინდისზე იყოს, ვინც ის ჩასვა ციხეში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე განცხადებით, სირცხვილია გუნავას ციხეში ყოფნა მაშინ, როცა ციხიდან პედოფილები გაათავიუფლეს.
გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება თავისი დაცვის ქვეშ მყოფს და გაიგებს, აპირებს თუ არა თენგიზ გუნავა პრეზიდენტს მიმართოს შეწყალების თხოვნით.
