სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უკვე პარლამენტში იმყოფება. მისი თქმით, ყველა იმ ძირითად საკითხსა და ტენდეციაზე საუბარს აპირებს, რომელსაც ადგილი გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ჰქონდა ადგილი. ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დასრულდა დრო, როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაციები “ფარატინა” ქაღალდად რჩებოდა:
“მე ველოდები პარლამენტისგან, რომ ჩვენი რეკომენდაციები იქნება სერიოზულად აღქმული და აღმასრულებელი ორგანოებისგან, ასევე, იქნება მზაობა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში შესრულდეს რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი.”
ნანუაშვილის თქმით, ეცდება, რომ მოკლედ შეეხოს ყველა ძირითად საკითხს, რომელიც ასახულია ანგარიშში:
“ჩვენ ვისაუბრებთ სიტუაციაზე, რომელსაც გასულ წელს ჰქონდა ადგილი. ეს ეხება იგივე პენიტენციალურ სისტემას და იქ განვითარებულ მოვლენებს წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი არაერთი დარღვევის ფაქტზე, გვექნება ასევე საუბარი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენს დასკვნაზე, ასევე, გახმაურებულ დაკავებებზე, რასაც საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ანგარიშში.”
ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციების ნაწილი ეხება პარლამენტს და კონკრეტულ სამინისტროებს:
“საუბარი არის რამდენიმე საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებაზე, მათ შორის შშმ პირთა უფლებების კონვენციაზე, ასევე, რამდენიმე კანონში ცვლილებების განხორციელებაზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ძირითადად რეკომენდაციები არის როგორც პროკურატურის, ასევე, შს სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და სხვა სამინისტროებს. ასევე ცალკე მინდა გამოვყო ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც დიდი ადგილი უკავია ჩვენს ანგარიშში”.
