ახალი ამბები

ქუმსიშვილი: რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება

20 დეკემბერი, 2017 • 1972
ქუმსიშვილი: რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონებში  ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება.

ეს განცხადება მან დღეს, 20 დეკემბერს, კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გააკეთა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებაა. მისივე თქმით, ცალკე პროგრამაა “ინტერნეტი განვითარებისთვის”, რომელიც კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება.

“მომავალი წლიდან მთავრობა 4 სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებს ქსელის მშენებლობას. ამ მიმართულებებში კერძო სექტორი არ შედის, რადგან ეს ეკონომიკურად არ არის მომგებიანი,”- განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, 2018 წელს დაიწყება ოპტიკური ქსელის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. ინტერნეტიზაციის პროგრამა ასევე შეეხება გურიის რეგიონს, დაფარავს ოზურგეთისა და ჩოხატაურის დასახლებული პუნქტების 70%-ს.

როგორც მან განაცხადა, მაგისტრალური მონაკვეთები შეირჩა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ასევე, ქსელის უწყვეტობისა და  რეგიონების მაქსიმალურად დაფარვის პრინციპით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი