ახალი ამბები

ჩხენკელი: ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ძალადობის გამოვლენა, არამედ მისი პრევენცია

20 დეკემბერი, 2017 • 1433
ჩხენკელი: ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ძალადობის გამოვლენა, არამედ მისი პრევენცია

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა  სკოლებში ჩაგვრისა და ძალადობის აღმოფხვრის საჭიროებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია ფართომასშტაბიანი კამპანია დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად.

“ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ძალადობის გამოვლენაზე რეაგირება, არამედ, პირველ რიგში, მისი პრევენცია. იმისათვის, რომ აღვკვეთოთ ძალადობა და ბულინგი, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა. დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მათ მიეწოდებათ ამომწურავი რეკომენდაციები. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ”, – აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრის განცხადებით, სკოლებში უკვე მუშაობენ ფსიქოლოგები, თუმცა უწყებაში ფსიქოლოგის ინსტიტუტის მეტად გაძლიერებას გეგმავს.

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. შესაბამისი უწყებების მინისტრობის კანდიდატები კომიტეტების წევრებს პრეზენტაციებს წარუდგენენ. ისინი მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშსა და სამომავლო ხედვებზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი