ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენებები გამოაქვეყნა

29 ივლისი, 2013 • • 1088
საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების აღიარებითი ჩვენებები გამოაქვეყნა

საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  26 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ აიპ „თბილისის განვითარების ფონდიდან“ საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე, ბრალდებულებს თბილისის მერის ყოფილ  მოადგილეს დავით ალავიძეს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ავალიანს, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს ალექსი თაბუაშვილს და მთაწმინდა კრწანისის გამგებლის ყოფილ მოადგილეს დიმიტრი ჩხეიძეს  აღვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, რასაც საფუძვლად დაედო ბრალდებულების მხრიდან ბრალის სრულად აღიარება და გამოძიებასთან მათი თანამშრომლობა.

 

სასამართლომ ბრალდებულები გირაოს, 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა დარბაზიდან. 

 

თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 27 ივნისს დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა. გამოძიება მათ ედავება საბიუჯეტო სახსრების, 48  930 822 ლარის გაფლანგვას. გამოძიების ინფორმაციით, მერიის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნული თანხა “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული მიზნებისთვის დახარჯეს. მათ გარდა, ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და  მესამე ნაწილით წაყენებული აქვს თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი საბანაძეს, რომელიც მიმალვაშია და დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.
 
 
საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებებში სამივე ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.
 
 
“სრულად ვაღიარებ და ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს და ამ ეტაპზე დასამალი არაფერი არ მაქვს”, –წერს აღიარებით ჩვენებაში თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ავალიანი.  მსგავსი ტექსტებია სხვა აღიარებით ჩვენებებშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი