წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, იზრდება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისთვის აქციზის არსებული განაკვეთი:
“ფილტრიანი სიგარეტის შემთხვევაში აქციზის ფასი იზრდება 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო 15 თეთრიდან 20 თეთრამდე იზრდება უფილტრო სიგარეტზე,” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ებანოიძე.
პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, რომ აქციზის ფასის ზრდამ შესაძლოა ქვეყანაში კონტრაბანდის შემოტანა გამოიწვიოს. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება ებანოიძე:
“ჩვენ ვნახეთ ის პარამეტრები, რა პარამეტრებიც არის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ეს საშიშროება არ არის. ზრდა მნიშვნელოვანი არ არის და ვფიქრობ, რომ ეს ხიფათი არ იქნება, იმიტომ, რომ თანხაც პატარაა და არ უნდა იყოს აქ ინტერესი, რომ კონტრაბანდის ბუმი გამოიწვიოს ამან.”
წარმოდგენილ კანონპროექტს კენჭს დღესვე უყრიან.
