როგორც კაციტაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ძალიან კარგი იქნება, თუ მმართველი კოალიცია თავის სიტყვას აღარ შეცვლის და ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს:
“როცა დამტკიცდება კანონპროექტი, საბოლოო შეფასებას მაშინ მოგცემთ, იმიტომ, რომ ერთხელ უკვე ვიყავით შეთანხმებული, მაშინ ჩაიშალა და, ცოტა არ იყოს, სახელგატეხილი პროცესია… ამიტომ, მაინც ჯერ თავს შევიკავებ და საბოლოო შეფასებას მაშინ გავაკეთებ, როცა პროცესი დასრულდება. რაც შეეხება უსუფაშვილის განცხადებას, შემიძლია ასეთი რამ ვთქვა: ალბათ მიხვდა მმართველი კოალიცია, რომ არჩევნების წინ ასეთ დამოკიდებულება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან და გარკვეული უნდობლობითი რეჟიმი საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არ იქნებოდა მომგებიანი და ამიტომ დაუბრუნდა ისევ იმ შეთანხმებას და უნდა რეპუტაციის აღდგენა, ერთი მხრივ, იმ წესის განხორციელბა, რომელზედაც ყველა ერთად შევთანხმდით და მეორე მხრივ, დარღვეული შეთანხმების აღდგენა, რის მიღმაც, ბუნებრივია, ხელისუფლების რეპუტაციის აღდგენის მცდელობაც არის. თუ ეს მოხდება, თავისთავად კარგია, თუ აღარ განმეორდება, კიდევ უფრო კარგი იქნება”, – განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში 20–დე პარტია 9 ივლისს გამართულ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდა. არასაპარლამენტო ოპოზიციის ცნობით, ცვლილებები დაფინანსების სამ კომპონენტეს მოიცავს: ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის საბაზო–საბიუჯეტო დაფინანსება ორმაგდება და 300 ათასი ლარი ხდება, არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც საბიუჯეტო დაფინასნებას არ იღებს, ერთჯერადი 150 ათასლარიანი დაფინანსება გადაეცემა, ხოლო საპარლამენტო ძალებს დამატებითი დაფინანსება მიეცემათ ფრაქციების ოდენობიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში, არასაპარლამენტო ოპოზიციის მტკიცებით, მიღწეული შეთანხმება ურეკში გამართული კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე დაიბლოკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა შეთანხმების ჩაშლის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ შეთანხმებულ ცვლილებებს ქდმ, “დემოკრატიული მოძრაობა” და “მწვანეები” არ დაეთანხმნენ. ამის შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციამ მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციის მოთხოვნით კამპანია დაიწყო, შეხვდა ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გამართა საპროტესტო აქცია. მმართველი კოალიციის წარმომდგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილების საკითხს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიუბრუნდებოდნენ, თუმცა დღეს დავით უსუფაშვილმა განაცხადა:
“არჩევნების საკითხზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი პოლიტიკურ პარტიებს ესაუბრა, ასევე, კონსულტაციები გაიმართა მთავრობასთან და მიღწეულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ. თემა, რომელიც პარტიებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივის სახით იქნება წარმოდგენილი და მას პარლამენტი შესაძლო ვადებში განიხილავს. ასე რომ, პარტიების დაფინანსების შესახებ ინტერფრაქციულ ფორმატში შეთანხმებული მოდელი განხილული იქნება პარლამენტში და მიღებული იქნება არჩევნებმდე”.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას პარლამენტი მესამე მოსმენით დღეს განიხილავს, თუმცა ეს დოკუმენტი არ ითვალისწინებს დაფინანსების ზრდის საკითხს. როგორც “ნეტგაზეთს” ინტერფრაქციული ჯგუფის მდივანმა თამაზ კრავეიშვილმა უთხრა, დაფინანსების საკითი კანონპროექტს ცალკე გამოეყო და მისი ინიცირება პარლამენტში, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ მოხდება. გარდა ამისა, კრავეიშვილის ინფორმაციით, 9 ივლისს შეთანხმებული დოკუმენტის პარლამენტში ინიცირება მასში რაიმე არსებითი ცვლილებების შეტანის გარეშე მოხდება.
მამუკა კაციტაძე კი, რომელიც ინტერფრაქციული ჯგუფის ერთ–ერთი წევრია, აცხადებს, რომ ამ ფორმატში შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, რადგან გარდა დაფინანსების საკითხისა, სხვა ბევრი თემა არსებობს, რომელიც საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას უკავშირდება:
“კარგი იქნება, თუ მომავალში განვითარდება თანამშრომლობა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რადგან კიდევ ბევრი საკითხია გასავლელი, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსები, საარჩევნო სისტემა… ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება პოლიტიკურ პროცესს”, – განაცხადა მან.

