ახალი ამბები

პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა

19 დეკემბერი, 2017 • 2532
პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა

“მომავალ წელს მნიშვნელოვა ნთარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ას წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მე ვაცხადებ თავისუფლების წლად, იმ წლად, რომელშიც ჩვენ მაქსიმალურად დამოუკიდებლობის შესაძლებლობას ვაქცევთ თავისუფლებად“, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა, სადაც მისი და პრემიერის სახელით ერთობლივი საახალწლო მიღება გაიმართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის.

პრეზიდენტმა პირველ ლედისთან და საქართველოს პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სემეკის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დედაქალაქის მერს უმასპინძლა.

ერთობლივი საახალწლო მიღების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საექსპოზიციო დერეფანი – საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ” დაათვალიერებინა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტომასალა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი უწოდა 2017 წელს და მომავალ 2018 წელზე ისაუბრა.

“ბუნებრივია, დღეს ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, ძალიან ნათლად ვამბობთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირი და ნატოა, ჩვენ ამ არჩევანისთვის ვიხდით ძალიან პრინციპულ საფასურს: იქნება ეს გაჭირვება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გაიარეს, ის ათასი, ათიათასობით ლტოლვილი და დევნილი, თუ იქნება ეს ჩვენი გმირი ჯარისკაცების სისხლი, რომელიც გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არის გაღებული.

ჩვენ ამ ღირებულებებით ვცხოვრობთ და დიპლომატიურ კორპუსს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ ამ ღირებულებებს ჩვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის განმტკიცებისთვის ემსახურებით და ეხმარებით,”– განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი