დღეს, 27 ივლისს იპოთეკარებისგან დაზარალებულებმა პარლამენტის შენობაში ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს. მათივე თქმით, დეპუტატებმა დამოუკიდებლობა თავად უნდა მიიღონ:


“ნამდვილად არ არის მისაღები, რომ პრემიერი ასე ერეოდეს ერთპიროვნულად, ანუ პირდაპირ აცხადებს, რომ ის არის დიქტატორი. მან გარკვევით დაგვანახა თავისი სახე თავისი გამოსვლით. ნამდვილად მიუღებელია ყველა მოქალაქისთვის ასეთი გამოსლა. პარლამენტი არის პარლამენტი, აქ არის 150 დეპუტატი, 150 დეპუტატს შეუძლია თავისი მოსაზრება გამოხატოს და არ აქვს ივანიშვილს ნამდვილად იმის უფლება, ასე, ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტოს ხალხის ბედი,” – ამბობს მთვარისა ქაჯაია.


მისივე თქმით, პრემიერ–მინისტრის რეზიდენციასთან 45 დღე შიმშილობდა  და ბიძინა ივანიშვილს ერთხელაც არ ჰქონია სურვილი ხალხის ნახვის:

 

“ის დაგვპირდა სამართლიანობას, როცა სამართლიანობა ვერ მივიღეთ, პირადად მე 45 დღე მისი სახლის წინ ვშიმშილობდი. მე ვერ ვნახე, რომ ეს არის ლიდერი, მას ერთხელაც არ ჰქონდა სურვილი ენახა ხალხი და გაეზიარებინა მათი ტკივილი. ყველაზე მწარე რა იყო? სააკაშვილის მთავრობის დროს მე დავკარგე ქონება, მაგრამ გამოსახლება ივანიშვილის დროს იყო”.

 

ადამიაანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტის შეჩერება არ მოხდება, თუმცა დამატებითი კონსულტაციებია საჭირო:

 

“ჩავარდნაზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ ვლაპარაკობთ გამოსავლის ძებნაზე.”

 

აღნიშნული კანონპროექტის განხილვას, რომელიც   2014 წლის თებერვლამდე  აღსრულების გადავადებას ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული უძრავის ქონების საქმეებზე, პარლამენტი ორშაბათს, 29 ივლისს გააგრძელებს. 

 

გუშინ, 26 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხისმგებლო უწოდა პარლამენტის მიერ “სააღსრულებო წარმოების შესახებ”კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერას. 


“ეს არის დეპუტატ გედევან ფოფხაძის ინიციატივა. ამის გაკეთება ნორმალურია, მაგრამ სამწუხაროა, რომ პარლამენტი ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა. იძულებული ვარ, ეს სიტყვები გამოვიყენო. მთავრობის მხრიდან ეს არ იყო განხილული, არ გაითვალისწინეს მთავრობის პოზიცია და მიიღეს პირველი მოსმენით გადაწყვეტილება. ამით არაფერი არ დაშავებულა. მე მოვახერხებ, უმრავლესობას რომ ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება. არ შეიძლება ბიზნესთან დაკავშირებით ბიზნესს უკარნახო.”


ბიძინა ივანიშვილის განცახდებით, იპოთეკარების საკითხში ბანკები არიან ჩართულნი: “ბანკებს აქვთ იპოთეკური სესხები გაცემული. შეიძლება დაზარალდნენ და ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლიტურად გაუაზრებელი და აბსურდულია. შესაბამისად, მე მომიწევს საბჭოზე ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და მგონია, რომ დავარწმუნებ უმრავლესობას, არ გააგრძელონ ამ კანონპროექტზე მუშაობა.”   

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *