კანონპროექტის ავტორის გედევან ფოფხაძის თქმით, საკითხზე მსჯელობის გაგრძელებაა საჭირო:
“კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით არ განვიხილავთ. საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და საბოლოო, შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბდება. თავისი ხედვები აქვს მთავრობას. ამ თემაზე ერთმანეთში ვსაუბრობთ დეპუტატები და შევეცდებით შეჯერებული გადაწყვეტილების მიღებას. შესაძლებელია, კანონპროექტს წარმოდგენილი ფორმით დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭროს. შეიძლება, მართლაც უფრო მოქმენილი და გონივრული გადაწყვეტილება გამოინახოს, რაც ასეთ რადიკალურ გზებს აღარ მოითხოვს”
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა კობა დავითაშვილმა, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ კანონპროექტზე მსჯელობის გაგრძელება უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე დადებით შედეგს:
“ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვარ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მისი განხილვა გაგრძელდეს ორშაბათსაც და სამშაბათსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და პროცესის გაჭიანრუება კარგ შედეგს არ გამოიღებს.”
მისივე თქმით, კანონპროექტის მოსმენა ორშაბათს, 28 ივლისს გაგრძელდება.
გუშინ, 26 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხისმგებლო უწოდა პარლამენტის მიერ “სააღსრულებო წარმოების შესახებ”კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერას.
“ეს არის დეპუტატ გედევან ფოფხაძის ინიციატივა. ამის გაკეთება ნორმალურია, მაგრამ სამწუხაროა, რომ პარლამენტი ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა. იძულებული ვარ, ეს სიტყვები გამოვიყენო. მთავრობის მხრიდან ეს არ იყო განხილული, არ გაითვალისწინეს მთავრობის პოზიცია და მიიღეს პირველი მოსმენით გადაწყვეტილება. ამით არაფერი არ დაშავებულა. მე მოვახერხებ, უმრავლესობას რომ ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება. არ შეიძლება ბიზნესთან დაკავშირებით ბიზნესს უკარნახო.”
ბიძინა ივანიშვილის განცახდებით, იპოთეკარების საკითხში ბანკები არიან ჩართულნი: “ბანკებს აქვთ იპოთეკური სესხები გაცემული. შეიძლება დაზარალდნენ და ბანკებთან შეუთანხმებლად მსგავსი კანონპროექტის მიღება აბსოლიტურად გაუაზრებელი და აბსურდულია. შესაბამისად, მე მომიწევს საბჭოზე ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და მგონია, რომ დავარწმუნებ უმრავლესობას, არ გააგრძელონ ამ კანონპროექტზე მუშაობა.”
ივანიშვილი განმარტავს, რომ თუ შეთანხმება მოხდა, ეს გასაგები იქნება იმ ბიზნესსტრუქტურებისათვის, რომლებიც მონაწილეობდენენ ამ პროცესებში და თანხები გასცეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პარლამენტმა ამას მხარი დაუჭიროს:”ესე მოწყვეტილად განხილვა, არც მთავრობას შეუთანხმო, არც ბიზნესს შეუთანხმო, ვინც დამოკიდებულია და მონაწილეობდა ამ პროცესებში, ეს გახლავთ “სიყმაწვილე” პოლიტიკაში. კანონი ასე არ მიიღება.”
საქართველოს პრემიერ–მინისტრის მსგავსად, ეკონომიკის სამინისტრო “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ შენიშვნები გააგზავნა, თუმცა, სამწუხაროდ, საკითხი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე ისე გავიდა, რომ არ იყო შეჯერებული უმრავლესობასა და მთავრობას შორის. დიდი იმედი მაქვს, რა ვარიანტითაც არის ეს საკითხი წარმოდგენილი, არ გავა, რადგან საბანკო სისტემას საკმაოდ დიდ ზიანს მოუტანს” – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 49 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტზე 23 ივლისს იმსჯელეს, რომელიც 2014 წლის თებერვლამდე აღსრულების გადავადებას ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული უძრავის ქონების საქმეებზე.
კომიტეტის სხდომას მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ კანონპროექტს აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს.
